რატომ მოგვწონს ის, ვინც მოგვწონს? — კვლევის თანახმად, მიზიდულობას საერთო მახასიათებლების ქონა განაპირობებს
ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიზიდულობის საკითხის ახსნა სცადეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამას მსგავსი ინტერესები განაპირობებს. ნაშრომი ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჟურნალში Journal of Personality and Social Psychology გამოქვეყნდა.
არსებობს თეორია, მსგავსებისადმი მიზიდულობის ეფექტი, რომლის თანახმადაც, ჩვენი მსგავსი ადამიანები მეტად მოგვწონს ხოლმე; ისინი, ვისაც ანალოგიური ინტერესები აქვთ და იგივე რაღაცები მოსწონთ ან არ მოსწონთ.
ჩარლზ ჩუმ, ბოსტონის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, რამდენიმე კვლევით ამ თეორიის შემოწმება გადაწყვიტა. მან ის პირობები შეისწავლა, რომელთა გავლენითაც ერთმანეთი გვიზიდავს ან, პირიქით, არ მოგვწონს.
კვლევის ფარგლებში ერთი ფაქტორი გამოვლინდა, რომელიც მიზიდულობას უძღოდა წინ. ფსიქოლოგები ამას თვითესენციალისტურ მსჯელობას უწოდებენ — პროცესის ფარგლებში ადამიანები წარმოიდგენენ, რომ რაღაც ღრმა შინაგანი ბირთვი ან არსი აქვთ, რომელიც მათ რაობას განსაზღვრავს.
კვლევების საბოლოო შედეგები შემდეგზე მეტყველებს: როდესაც ადამიანს სჯერა, რომ თავის ინტერესებს ზემოხსენებული არსი განსაზღვრავს, ასკვნის, რომ ეს სხვების შემთხვევაშიც ასეა. მაშინ, როცა პიროვნება ანალოგიური ინტერესების მქონე ვინმეს ხვდება, იგი დაუყოვნებლივ ამყარებს კავშირს, რადგან ჰგონია, რომ მასთან გაცილებით მეტი რამ ექნება საერთო, მსოფლმხედველობის ჩათვლით.
დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში — მნიშვნელოვანი თუ სულაც შემთხვევითი, მინიმალური, საერთოს ქონისას — ვისაც მეტად სჯერა, რომ ეს ბირთვი აქვს, უფრო ხშირად თავისი მსგავსი ადამიანები იზიდავს, ვიდრე განსხვავებულები.
"საკუთარი "მეს" შეგრძნება რომ გამოგვესახა, რაღაც ნატეხი, თითქმის მაგიური ბირთვი იქნებოდა ჩვენს შიგნით, რომელიც ასხივებს და განსაზღვრავს, თუ რისი დანახვა და დაკვირვება შეგვიძლია სხვებსა და საკუთარ თავებში", — აცხადებს კვლევის ავტორი — "ჩვენი მტკიცებით, იმის დაჯერება, რომ ადამიანებს შინაგანი არსი აქვთ, საერთო მახასიათებლის მქონე ვინმეს დანახვისას საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ ან დავასკვნათ, რომ იგი მთლიანად ჩვენს ღრმად გამჯდარ არსსაც იზიარებს".
მეორე მხრივ, ჩუს კვლევა იმასაც გვეუბნება, რომ 1-2 მსგავსების გამო ვინმესთან კავშირისადმი მიდრეკილება პარტნიორის შერჩევის კუთხით შემზღუდველი შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა, ხშირად ზოგი ადამიანი მათი რამდენიმე არჩევანის გამო არ მოგვწონდეს, თუმცა ისინი ბევრ ასპექტში ჩვენთვის საკმაოდ შესაფერისები იყვნენ.
"ყველა ისეთი კომპლექსურები ვართ", — აცხადებს ჩუ — "თუმცა სრულად მხოლოდ საკუთარი ფიქრები და გრძნობები გვესმის, სხვების გონება კი ხშირად ჩვენთვის საიდუმლოებითაა მოცული. ნაშრომი გვეუბნება, რომ სხვების გონებათა უცნობ ადგილებს ხშირად საკუთარი ინდივიდუალობის შეგრძნებით ვავსებთ და ამან ზოგჯერ უსაფუძვლო დასკვნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს".
კომენტარები