რა როლი აქვს პროკურატურას მართლმსაჯულების სისტემაში
ამ სტატიაში მართლმსაჯულების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს, პროკურატურას განვიხილავთ. მისი პირდაპირი მოვალეობა სისხლის სამართლის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლიანობის აღდგენა და მართლწესრიგის განმტკიცებაა. უწყების ფუნქციებსა და როლზე, ასევე, სისტემის მთავარ გამოწვევებზე On.ge გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსს, ამირან გულუაშვილსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორს, გურამ იმნაძეს ესაუბრა.
მართლმსაჯულება, ძირითადად, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან ასოცირდება, თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, სამართლებრივად, ის ბევრად ადრე, გამოძიების მომენტიდან იწყება.
იმისთვის, რომ სასამართლომ პირის ბრალეულობასა და მოპოვებულ მტკიცებულებებზე იმსჯელოს, ამას წინ სრულყოფილი, საფუძვლიანი და ობიექტური გამოძიება უნდა უძღოდეს.
მთელ ამ პროცესებში პროკურატურას განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ ის ხელმძღვანელობს გამოძიებას, კანონით დადგენილ შემთხვევებში თავად წარმართავს პროცესს, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე კი სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენს და პირის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
მართლმსაჯულების პროცესში პროკურორს სამართლებრივი სახელმწიფოს სახელით, მოქალაქის უფლებებისა და საზოგადოების ინტერესების დასაცავად გამოსვლა ევალება. ის დამოუკიდებელი უნდა იყოს და მხოლოდ კანონს ემორჩილებოდეს.
2018 წლამდე პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ექცეოდა და იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო, რაც მასზე ხელმძღვანელობის უფლებას პოლიტიკური თანამდებობის პირს, იუსტიციის მინისტრს ანიჭებდა.
5 წლის წინ პროკურატურა იუსტიციას გამოეყო და მისი დამოუკიდებლობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდა. უწყების დასახელება, მთავარი პროკურატურა, გენერალური პროკურატურით შეიცვალა, თანამდებობა მთავარი პროკურორი კი — გენერალური პროკურორით.
დღეს პროკურატურის სისტემას ქმნიან:
- გენერალური პროკურატურა;
- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები;
- თბილისის პროკურატურა;
- საოლქო პროკურატურები;
- რაიონული პროკურატურები;
- სპეციალიზებული პროკურატურები − კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის პრინციპები
კანონის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რაც ნიშნავს, რომ უწყების მიზანი დანაშაულის ჩამდენი პირისადმი ბრალის წაყენება და მისი დამნაშავეობის მტკიცებაა. On.ge-სთან საუბარში ამირან გულუაშვილი ამას პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას უწოდებს.
ფუნქციებზე საუბრისას ის, პირველ რიგში, სხვა უწყებების მიერ ნაწარმოებ გამოძიებაზე ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას გამოყოფს. გულუაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ გამომძიებელი პროკურორთან შეთანხმებით, კოორდინირებულად გეგმავს ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, ასრულებს პროკურორის მითითებებს და სხვა.
"სისხლის სამართლის მიმართულებით მართლმსაჯულების განხორციელება შეუძლებელია პროკურორის მონაწილეობისა და მისი აქტიური როლის გარეშე. ის ყველა ეტაპზე არის ჩართული მართლმსაჯულების პროცესში", — გვეუბნება გულუაშვილი.
ამ ეტაპებზე უწყების როლს, ასევე, გამოარჩევს გურამ იმნაძე. მისი თქმით, ფაქტობრივად, სწორედ საქმის პროკურორია გარანტორი, რომ გამოძიება ხარისხიანად, დროულად, ეფექტიანად და სამართლიანად უნდა წარიმართოს. მისივე შეფასებით, სისხლისსამართლებრივ დევნაზე პროკურატურას მონოპოლიზება აქვს.
"იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამტკიცოს კონკრეტული ადამიანის დამნაშავეობა, ერთადერთი ორგანო არის პროკურატურა", — განმარტავს იმნაძე.
რესპონდენტები გამოყოფენ პროკურატურის სხვა ფუნქციებსაც: მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლი, ბრალდებულებისა თუ მსჯავრდადებულების უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.
"გენერალურ პროკურატურაში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. აქაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციურ დაწესებულებაში თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის დაცვაზე ზრუნვა, როგორც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვის კუთხით სხვადასხვა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა.
ამავდროულად, შეიძლება, ასევე, აღინიშნოს საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პროკურატურის განსაკუთრებული როლი, იქნება ეს საექსტრადიციო პროცედურები, იურიდიული ხასიათის სამართლებრივი დახმარებები. სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების საზღვარგარეთ ჩატარების საჭიროება არაიშვიათად დგება და ესეც მხოლოდ პროკურატურის უფლებამოსილებაა, ამგვარი თხოვნით, სხვადასხვა საერთაშორისო არხით მიმართოს ამა თუ იმ სახელმწიფოს", — ამბობს გულუაშვილი.
ის, ასევე, განმარტავს, რომ საგამოძიებო პროცესის ინიციირება ხდება რამდენიმე წყაროდან მიღებული ინფორმაციით — ეს შეიძლება, იყოს მოქალაქის განცხადება, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. ამბობს, რომ ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროკურატურისთვის თუ, ზოგადად, საგამოძიებო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ამა თუ იმ დანაშაულზე.
უწყების ფუნქციებში, ასევე, შედის:
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
- ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის ნაწილზე;
- მსჯავრდადებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში მონაწილეობა;
- კოორდინაცია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციისთვის.
პროკურატურის საქმიანობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
- კანონიერებასა და სამართლიანობას;
- ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას;
- პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას;
- ერთიანობასა და ცენტრალიზაციას;
- პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და ღირსების ხელშეუხებლობას;
- პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.
რა უნდა შეიცვალოს
არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მიმართულებით ძირეული რეფორმის საჭიროებას ხედავენ. ესენია:
- გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი;
- საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება;
- საგამოძიებო უფლებამოსილების ჩამოშორება პროკურატურიდან;
- პროკურორისა და გამომძიებლის ფუნქციების გამიჯვნა.
იმნაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა უწყებაში დამოუკიდებლობის დეფიციტი, ინსტიტუციური თუ ფუნქციური დამოუკიდებლობის სიმცირეა.
იურისტი ფიქრობს, რომ პროკურორები არ სარგებლობენ თავისუფლების საკმარისი გარანტიებით, რაც მათ საქმიანობაში ზემდგომების ჩარევის რისკებს დააზღვევდა. კიდევ ერთ პრობლემას ის დაბალ საზოგადოებრივ და საპარლამენტო ანგარიშვალდებულებაში ხედავს.
"თუკი ადამიანი არის დანაშაულის მსხვერპლი, მას სჭირდება სწორედ პროკურატურის ეფექტიანი მუშაობა, რადგან დაზარალებულის უფლებების დაცვა დღეს მთლიანად გადანდობილია პროკურორზე. პროკურატურის ეფექტიანობა, დამოუკიდებლობა აუცილებელია, რომ დანაშაულის მსხვერპლს, დაზარალებულს შეეძლოს საკუთარ უფლებებზე დავა და შეძლოს, დამნაშავე დაისაჯოს", — გვიხსნის იმნაძე.
მისივე თქმით, პროკურორის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია ბრალდებულის პერსპექტივიდანაც.
"ჩვენ გვინახავს სამწუხარო შემთხვევები, როცა მოქალაქეები საუბრობდნენ, რომ იყვნენ შერჩევითი დევნის მსხვერპლნი და ამისი ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო პროკურატურის ინსტიტუტი", — ამბობს იურისტი.
უწყების მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობისა და ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზად გულუაშვილი იმას ასახელებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავ სისტემას ყოველთვის არ შეუძლია, ყველაფერზე ღიად და საჯაროდ ისაუბროს.
"საზოგადოებაში არსებული გარკვეული შეკითხვები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ ობიექტურად იყოს პასუხგაცემული გამოძიების კონკრეტულ ეტაპზე. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას, გარკვეულ ნაწილში ფორმირდება აზრი გამოძიების პროცესის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავაცნობიეროთ, რომ საგამოძიებო პროცესი არის პროცესი, როცა გარკვეულ შემთხვევებში გასაჯაროებით, შესაძლოა, ზიანს აყენებდე საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეცეთ დრო, რომ კონკრეტული შედეგი დადონ საქმის გამოძიების თვალსაზრისით", — აცხადებს ის.
იმნაძის შეფასებით, არგუმენტი, რომ პროკურატურას აქვს გარკვეული პროფესიული შეზღუდვები, ერთი შეხედვით, მართლაც ლეგიტიმურია. თუმცა, მისივე თქმით, საქმეებზე, რომელთა გამოც პროკურატურის მიმართ კითხვები არსებობს, უწყება, როგორც წესი, საზოგადოებისთვის ინფორმაციის ცალმხრივად მიწოდებითაა დაკავებული.
"ეს კიდევ უფრო მეტად ახდენს გავლენას პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირებაზე", — ამბობს იურისტი.
იმნაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით უწყებაში გამოწვევები არსებობს და მნიშვნელოვანია ამისთვის ერთიანი სტანდარტები თუ მიდგომები დაინერგოს.
გულუაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების საკითხი. მისივე თქმით, პროექტების ფარგლებში პროკურორები სხვადასხვა ჯგუფს ხვდებიან და სამსახურის სპეციფიკაზე ინფორმაციას აწვდიან.
პროკურორის შეფასებით, საზოგადოებამ სამართალდამცავ სისტემას უნდა მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში გამოიძიონ სისხლის სამართლის საქმეები, ხოლო ინფორმირება მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე მივა და ექნება შესაძლებლობა, დეტალურად ისაუბროს სხვადასხვა საკითხზე, ისე რომ არ დააზიანოს პროცესი.
გარდა ამისა, გულუაშვილი გვეუბნება, რომ პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნაზე.
"უახლოეს მომავალში მოხდება ამ ყველაფრის ხორცშესხმა, სადაც მივიღებთ მეტ-ნაკლებად ახალ მოდელს, შედარებით უფრო უკეთესად გამიჯნულ უფლებამოსილებასა და ფუნქციას, რაც, ჩვენი აზრით, უფრო მეტად მოქნილს, ეფექტიანს გახდის საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებას და პირველ რიგში, ადამიანის უფლებებზე იქნება ორიენტირებული", — ამბობს ის.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი ამბები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები