5 ქართული ლგბტქ ფილმი
კინოინდუსტრიაში ქვიარ რეპრეზენტაცია ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. სრულყოფილ ლგბტქ პერსონაჟებს, დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზებითა და ისტორიებით, თანამედროვე ფილმებშიც კი იშვიათად შეხვდებით. სხვა საკითხია, როგორ არიან წარმოჩენილები ეს გმირები და მათი ამბები — რამდენად ავთენტიკური და არასტერეოტიპულია მოყოლილი ისტორია.
ცხადია, არამეინსტრიმულ პერსონაჟებსა და ამბებზე ქართულ კულტურაში კიდევ უფრო იშვიათად ჰყვებიან. ქვიარ თემა ქართულ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში წლების განმავლობაში იმდენად იყო ტაბუირებული, რომ სტერეოტიპული მახასიათებლებით გაძეძგილი ლგბტქ პერსონაჟიც კი მხოლოდ კომიკურ კონტექსტში თუ შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ტენდენცია გასულ ათწლეულში შეიცვალა, როცა ქართველმა რეჟისორებმა ნავსი გატეხეს და უფრო თამამად დაიწყეს ცარიელი სივრცის ამოვსება.
ამ სტატიაში იმ ქართულ კინოსურათებზე მოგიყვებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად "ქვიარ ფილმებად" განისაზღვრებიან — მოგვითხრობენ რა, ამბებს დამალულ სიყვარულზე, სისტემის წინაშე მარტო დარჩენილ ჩაგრულ ადამიანებსა და მათ ფაქიზ, მყიფე ურთიერთობებზე.
1. და ჩვენ ვიცეკვეთ (2019)
ლევან აკინის და ჩვენ ვიცეკვეთ ყველაზე ცნობილი ქართული ქვიარ ფილმია, რომელმაც საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა. კინოსურათი კანის ფესტივალზე ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელეს. ამ პრესტიჟულ კინოფესტივალზე საპრემიერო ჩვენების შემდეგ ფეხზე მდგარი მაყურებელი 15 წუთი უკრავდა ტაშს. აკინის ნამუშევარმა შვედეთის ოსკარად წოდებული Guldbaggen-ის ჯილდოც მოიპოვა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ და ჩვენ ვიცეკვეთ კიდევ უფრო მეტ ჯილდოსაც იმსახურებდა. ფილმმა ხომ შესანიშნავად ასახა, როგორც ქვეყანაში არსებული სოციოეკონომიკური სიტუაცია, ასევე ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობა და პრობლემები. აკინმა ოქროს შუალედი იპოვა — ფილმში მოყოლილი ამბავი არც პათეტიკური ყოფილა და არც ზედაპირული. მერაბისა და ირაკლის სიყვარულის ისტორიას კი ალბათ ადვილად პროგნოზირებადი გაგრძელება მოჰყვა, მაგრამ ამბავს სიმძაფრე ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს.
თუმცა, საერთაშორისო წარმატების მიუხედავად, გემახსოვრებათ, რომ საქართველოში ფილმს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. პრემიერამდე კინოთეატრის წინ ჩვენების ჩასაშლელად აქცია მოეწყო, სადაც არაერთი ადამიანი დაშავდა. შემოქმედებითი გუნდი მკვლელობის მუქარებსაც კი იღებდა, რის გამოც გადაღებებზე მათ დაცვა ახლდა თან. აკინმა მოგვიანებით ისიც გაიხსენა, რომ ქართული სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობა აუკრძალა და განაცხადა, რომ "ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს".
2. კომეტები (2019)
რეჟისორისა და სცენარისტის, თამარ შავგულიძის, კომეტების ნახვა თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ მასში ჩვენი დროის ორი გამორჩეული მსახიობი, ქეთი გეგეშიძე და ნინო კასრაძე, ასრულებენ მთავარ როლებს. თუმცა, კომეტები სხვა რამითაც საინტერესოა — ეს არის ამბავი სიყვარულზე და სიყვარულის გადაფასებაზე. შუახნის ასაკის ქალები, ნანა და ირინა, ათწლეულების შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სიმბოლურია შეხვედრის ადგილიც — აგარაკი, სადაც მოზარდობისას ერთად ისვენებდნენ და სადაც მათი სიყვარულის ისტორია დაიწყო.
კომეტები, ერთი შეხედვით, სადა ნამუშევარია — დრამატული მოვლენებისა და კვაზირომანტიკული სცენების გარეშე. ეს არის გრძელი, უწყვეტი კადრებით, მშრალი დიალოგებითა და რეტროსპექტივური ეპიზოდებით მოყოლილი სევდიანი ამბავი. სევდიანი იმიტომ, რომ ფილმი მაინც სწორ ადამიანთან არასწორ დროს შეხვედრის ისტორიას მოგვითხრობს. კინოსურათის დასასრულს კი კიდევ ერთი, მოკლე ფილმია, რომელიც იდეურად ნანას და ირინას ამბავს უკავშირდება.
კომეტების მსოფლიო პრემიერა კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ქართველ მაყურებელს კი შავგულიძის ფილმი პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს. კვლავაც ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტის გამო, ფესტივალზე სეანსები აღარ დამატებულა.
3. სველი ქვიშა (2021)
"როგორ მოვიქცეთ ჩვენ, ვინც ვერ გავხდით სხვა?" — სველი ქვიშის საუნდტრეკიდან (ერეკლე დეისაძის როგორ მოვიქცეთ) ეს ფრაზა გონებაში ჩამებეჭდა და ფილმის ნახვიდან კარგა ხნის შემდეგაც მაფიქრებდა მის იდეაზე. იდეა კი რეჟისორმა, გამორჩეულმა ქართველმა კინოხელოვანმა ელენე ნავერიანმა, თავადვე განმარტა. მისი თქმით, სველი ქვიშა ფოკუსში აქცევს არა მხოლოდ "არატრადიციულ სიყვარულს", არამედ "განსხვავებულ ადამიანებსაც". და მართლაც, როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც სხვა ვერ გახდა?
სწორედ ჩაგრულებსა და სხვებზე ჰყვება სველი ქვიშა. ამბავი ზღვისპირა სოფელში ვითარდება, სადაც მარტოხელა კაცი თავს იკლავს. დაკრძალვაზე მისი შვილიშვილი ჩამოდის, რომელიც უნებლიეთ ფარდას ხდის ათწლეულების განმავლობაში დამალულ აკრძალული სიყვარულის ისტორიას. ამის პარალელურად კინოსურათში კიდევ ერთი რომანტიკული ხაზი ვითარდება.
სველი ქვიშა სიძულვილსა და გამძვინვარებულ ჰომოფობიაზეც ჰყვება. "აქ ხალხი ქმნის წესებს", — ეუბნებიან ერთ-ერთ პერსონაჟს. თუმცა, ეს გმირი თავადვე პასუხობს, რომ ამ ფსევდოღირებულებებზე დამყარებულ წესებს ადამიანები "თვითმკვლელობამდე მიჰყავთ".
აღსანიშნავია, რომ სველ ქვიშაში პერსონაჟებს მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალი ხელოვანებიც განასახიერებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, გია აგუმავამ, კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოც მიიღო ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა.
4. ჩემი ოთახი (2022)
სიმბოლურია, რომ რეჟისორ სოსო ბლიაძის სრულმეტრაჟიანი დრამის სახელი ალუზიაა ვირჯინია ვულფის საქვეყნოდ ცნობილ ტექსტზე საკუთარი ოთახი. ეს ფილმი ხომ მხოლოდ ქვიარ ისტორიას არ ჰყვება, გვიჩვენებს ქალების გამოცდილებასაც პატრიარქალურ საზოგადოებაში — იქ, სადაც "ოჯახის ღირსების შელახვისთვის" გოგო უახლოესმა ახლობლებმაც შეიძლება მოიძულონ.
ჩემი ოთახი ერთ ბინაში მცხოვრებ ორ განსხვავებულ ახალგაზრდა ქალზე, თინასა და მეგიზე, მოგვითხრობს. თინას, რომელიც მანამდე დაქორწინებული იყო, საკუთარ ოჯახთან, ფაქტობრივად, აღარ აქვს ურთიერთობა. უცხო გოგოსთან თანაცხოვრებისას კი იგი პირველად გაუგებს გემოს თავისუფლებასა და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. კინოსურათის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ თინას თანდათანობითი ტრანსფორმაციის ხილვაა. ამ მხრივ ფილმმა მაგდა კალანდაძის ქვიარ რომანი მეორე ოთახიც კი მომაგონა, სადაც სწორედ ერთ ბინაში მყოფი, რადიკალურად განსხვავებული ქალების თანაცხოვრებაა "ნაჩვენები". ორივე ნაწარმოებში მკაფიოდ ჩანს მომენტი, როცა საკუთარ თავში ჩაკეტილი პერსონაჟი თავის იდენტობასა და გარე სამყაროს აღარ უშინდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩემი ოთახის გადაღებები პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, ბიუჯეტის გარეშე დაიწყო. სამეგობროს საერთო ძალისხმევით შექმნილმა ნამუშევარმა კი ევროპული კინოეკრანები დაიპყრო. ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნომინაცია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ორად გაიყო და ჯილდო ფილმში მონაწილე მსახიობებს, თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს, გადაეცათ.
5. ჩემი საბნის ნაკეცი (2013)
სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ფილმები არამეინსტრიმულ გმირებზე ღიად მოჰყვებოდნენ, წლებით ადრე რეჟისორმა ზაზა რუსაძემ შეფარული სიმბოლოებით სავსე ფილმი ჩემი საბნის ნაკეცი გადაიღო. მართალია, კინოსურათში ლგბტქ ხაზი თვალნათლად არ ჩანს, მაგრამ მინიშნებებიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი საბნის ნაკეცი გამოსვლისთანავე "პირველ ქართულ გეი ფილმად" მოენათლათ, თანაც შეფასებით — "სკანდალური".
არადა, სკანდალური ამ ფილმში არაფერია. ისტორია საბჭოთა ესთეტიკით გაჯერებულ დისტოპიურ ქალაქში ვითარდება. ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკის ფონზე ცალკეული ადამიანების ხაზებს მივყვებით. ცენტრალური ხაზი კი მაინც მთავარი პერსონაჟების, დიმიტრისა და ანდრეის, ისტორიაა. უცხოეთიდან დაბრუნებული დიმიტრი თავს მარწუხებში მოქცეულად გრძნობს, თუმცა, მერე ბავშვობის მეგობარ ანდრეის ხელახლა უახლოვდება და ისინი ერთად გაურბიან რეალობას — ჯერ კლდეზე ცოცვით, შემდეგ კი მისტიკური ტყეში ხეტიალით. ანდრეისა და დიმიტრის შორის რომ მეგობრობაზე მეტია, ამის მისანიშნებლად ფილმის ტრეილერში გამოტანილი, დიმიტრის მამის ბუნდოვანი შეკითხვაც კმარა: "რა ხდება თქვენ შორის?".
ჩემი საბნის ნაკეცი მართლაც მაღალმხატვრული, დახვეწილი კინემატოგრაფიული პროდუქტია. ეს რეჟისორის გამორჩეული ხედვის დამსახურებაა, ისევე, როგორც ფილმში მონაწილე მსახიობების: თორნიკე გოგრიჭიანის, თორნიკე ბზიავას, ზურა ყიფშიძის, ავთანდილ მახარაძისა და მარი ჯანაშიასი. თუმცა, ნაწარმოების აზრი, თითქოს მართლაც ჩაიკარგა სიმბოლოებსა და მინიშნებებში. ეს კი გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ფილმის გამოსვლის წელს გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ მაშინდელი მაყურებელი მხოლოდ კინოსურათის პოსტერზე სახეებით ერთმანეთთან ახლოს გამოსახულმა ორმა კაცმა აღაშფოთა.
კომენტარები