ChatGPT-მ ივნისში მომხმარებლები პირველად დაკარგა — რა ხდება
ChatGPT-ს გამოშვების შემდეგ, 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის პირველ ნახევრამდე, მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო მატულობდა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია უკვე სუსტდება.
ანალიტიკური ფირმის, Similarweb-ის, ცნობით, გასულ თვეში ChatGPT-ის საიტზე ტრაფიკი გლობალურად 9.7%-ით შემცირდა. თუკი მონაცემები ზუსტია, ეს ჩატბოტისთვის მომხმარებლების კლების პირველი შემთხვევაა.
Sensor Tower-მა შენიშნა ისიც, რომ ChatGPT-ს iOS აპლიკაციას ივნისის დასაწყისთან შედარებით ნაკლები ადამიანი იწერს.
ChatGPT-ის მიმართ განელებული ინტერესი ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციის ნაწილია. Similarweb-ის მონაცემებით, ამ თვეებში ნაკლები ადამიანი სტუმრობს Microsoft Bing-ის, Google Bard-ისა და Character.AI-ის ვებსაიტებსაც.
მაგალითისთვის, Microsoft-ის შემთხვევაში საძიებო ძრავის ტრაფიკი თებერვლიდან მარტამდე პერიოდში გაიზარდა, როდესაც Bing AI საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. ამის შემდეგ ვებსაიტის თვიურმა ტრაფიკმა ნელ-ნელა იკლო და დაახლოებით იმ მაჩვენებელს გაუტოლდა, რომელიც Microsoft-ს Bing-ის GPT-4-თ გაუმჯობესებამდე ჰქონდა.
საგულისხმოა, რომ ChatGPT-ის შემთხვევაში იკლო ჩართულობამაც — მაისის მონაცემებით, მომხმარებლის წუთების რაოდენობა 8.5%-ით შემცირდა.
შესაძლოა, ამგვარი ტენდენცია სასწავლო წლის დასრულებას უკავშირდებოდეს — უკვე არდადეგები დაიწყო და საშინაო თუ სხვა წერითი დავალებების შესასრულებლად ChatGPT-ც ნაკლებადაა საჭირო.
წვლილი იმასაც შეიძლება მიუძღოდეს, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანია (მათ შორის, Samsung და Google) თავიანთ თანამშრომლებს AI ჩატბოტების გამოყენებას უკრძალავს, რათა მონაცემებმა არ გაჟონოს.
დიდი ალბათობით, კომპანია OpenAI-ში ამას ტრაგიკულად არავინ აღიქვამს. მინიმუმ ის მაინცაა სასარგებლო, რომ ChatGPT-ს უფასო ვერსიას შედარებით ცოტა ადამიანი იყენებს — OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმენის, თქმით, ამ სერვისის ესოდენ ფართო საზოგადოებისათვის მიწოდება კომპანიას ძალიან ძვირად უჯდება.
კომენტარები