ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, OpenAI-მ, ჩატბოტის პირველი აპლიკაცია გამოუშვა. ეს სმარტფონისათვის განკუთვნილი პირველი ოფიციალური პროგრამაა, რომელიც სახელგანთქმულ ენის მოდელს ემყარება. იგი iOS-ზე მუშაობს და უფასოა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი. აპლიკაცია სხვა ქვეყნებში მომდევნო კვირების განმავლობაში ჩაეშვება.

ასე გამოიყურება აპლიკაცია.

ფოტო: NEXT.On.ge/App Store

OpenAI-ს აპლიკაცია დიზაინითა და ფუნქციებით ChatGPT-ს ვებსაიტისგან დიდად არ განსხვავდება. მას დამატებითი ფუნქციაც აქვს, რომელსაც ჩვენი საუბრის გარჩევა შეუძლია OpenAI-ს Whisper ხმის ამოცნობის გამოყენებით. შესაძლებელია სტანდარტულ და GPT-4 მოდელებს შორის მონაცვლეობა; ხელმისაწვდომია დიალოგის ისტორია და მონაცემების გადატანის, ასევე საუბრის წაშლისა თუ მისთვის სახელის გადარქმევის ფუნქციებიც.

მეორე მხრივ, აპლიკაციაში ChatGPT-ის ახლად ჩაშვებული დამატებითი ფუნქციები (მაგალითად, ქსელზე წვდომა) ხელმისაწვდომი არაა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, OpenAI-ს განცხადებით, დიდხანს ლოდინი არც ანდროიდის მომხმარებლებს მოუწევთ: იგეგმება აპლიკაციის Android ვერსიის შექმნაც.

საგულისხმოა, რომ App Store-ზე არსებული აპლიკაცია მხოლოდ iPhone-ისთვისაა შექმნილი. შესაბამისად, iPad-ის მომხმარებლებისათვის მისი გამოყენება არც ისე კომფორტული იქნება, რადგან მოწყობილობების ზომა განსხვავდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.