მეცნიერებმა მთვარის სიღრმეში რადიოაქტიური მასა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მთვარის შორეულ მხარეს, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს, ზედაპირის ქვეშ არსებული რადიოაქტიური მასა აღმოაჩინეს. ახალი კვლევის თანახმად, ეს გრანიტია, რომლის იქ მიგნებაც მიანიშნებს, რომ ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ამ ნახევარსფეროში დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ 1 ან რამდენიმე ვულკანი ამოიფრქვა.
სპეციალისტთა მიერ დაფიქსირებული გრანიტი სწორედ ვულკანური აქტიურობისას გამოყოფილი ლავის გამყარების შედეგად წარმოიქმნა. ასეთ მაგმურ ქანებს ბათოლითი ეწოდება და მათი ზომა თავად ვულკანებისასაც კი აღემატება. მაგალითად, დედამიწაზე ამგვარი ფორმაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სიერა-ნევადას ქედი, რომლის სიმაღლეც 4 421 მეტრია.
მთვარის ზედაპირქვეშ დაფიქსირებული მასის შემადგენლობის გასარკვევად მეცნიერებმა მიკროტალღური სიხშირეები გამოიყენეს, რომელთა მეშვეობითაც ობიექტის გეოთერმული აქტიურობა შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ ის გრანიტთან დაკავშირებულ კონკრეტულ რადიოაქტიურ ელემენტებს შეიცავს, რაც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, რადგან დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შორეულ მხარეს გრანიტი იშვიათობაა.
მეცნიერთა გამოთვლებით, მთლიანი ქანის დიამეტრი დაახლოებით 50 კილომეტრია. გამოდის, რომ ის იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე მთვარის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვარაუდობდნენ.
იქ ნაპოვნმა გრანიტმა ავტორებს კითხვაც გაუჩინა:
"წყლის გარეშე გრანიტის წარმოსაქმნელად ექსტრემალური პირობებია საჭირო. ესაა უწყლო სისტემაა, სადაც ფილების ტექტონიკაც არაა, მაგრამ იქ გრანიტი მაინც გვხვდება. მაშ, წყალი მთვარის ამ კონკრეტულ არეალში არსებობდა? თუ იქ უბრალოდ განსაკუთრებული სიცხე იყო?"
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები