რომელია უძველესი პირამიდა და რა ვიცით მასზე
ძველი ეგვიპტიდან მესოამერიკამდე უძველეს ცივილიზაციებს საერთო "გატაცება" ჰქონდათ. ეს ძველი და დიდი ცივილიზაციები გიგანტურ, წაწვეტებული ფორმის ნაგებობებს აგებდნენ.
ალბათ ყველას სმენია გიზასა და ჩიჩენ-იცას პირამიდებზე. ეს სწორედ ის ნაგებობებია, რომელიც პირამიდებზე პირველი გვახსენდება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება უძველეს პირამიდებს, ისინი ამ მხრივ გამორჩეულები არაა.
უძველესი პირამიდა ეგვიპტეში
გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში ეგვიპტის უძველესი პირამიდაა. ჯოსერის პირამიდა დაახლოებით ძვ. წ. 2630 წელს აშენდა — როგორც ფარაონი ჯოსერის სამარხი.
გიზას პირამიდისგან ჯოსერის პირამიდა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეგვიპტის უძველესი პირამიდა ქვების ერთმანეთზე დაწყობის სისტემითაა აშენებული. ამ სისტემას "საფეხურების პირამიდას" ეძახიან.
ასეთი დიზაინის მიღმა იმჰოტეპი იდგა — სწავლული და უხუცესი. იმჰოტეპს სიკვდილის შემდეგაც ადიდებდნენ. მას სიბრძინისა და მედიცინის ღმერთებთანაც აკავშირებდნენ
მრავალი წლის განმავლობაში ჯოსერის პირამიდა მსოფლიოში უძველეს მსგავს ნაგებობად ითვლებოდა. თუმცა, ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა ისრები დედამიწის მეორე მხარეს გადაიტანა.
პერუს უძველესი პირამიდა
პირამიდები აქტუალური იყო ამერიკის კონტინენტზეც. მსგავს ნაგებობებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ მაიას, აცკეტებისა და ინკების ცივილიზაციები. მათ შორის ყველაზე საკულტო მაინც გვატამალის ტიკალის ტაძრის კომპლექსია.
თუმცა, დასავლეთ ნახევარსფეროში უძველესი პირამიდის მისაგნებად ცენტრალური ამერიკის ჯუნგლების სამხრეთით უნდა წახვიდეთ. ამ გზას პერუს უდაბნომდე მივყავართ. მე-20 საუკუნის დასაწყისში არქეოლოგები პირველად წააწყდნენ უძველეს მეტროპოლიას სახელად კარალი.
მკვლევრებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ კარალი შედარებით ახალი ნაგებობა იყო. თუმცა, 2001 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. კარალის მშენებლობაში გამოყენებული მასალების შესწავლით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უძველესი ქალაქი ძვ.წ. 2627 წელს უკვე არსებობდა.
ამ აღმოჩენის საფუძველზე, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალაქში განთავსებული პირამიდა, ტემპლო-მაიორი ეგვიპტურ პირამიდებზე ძველია.
Gunung Padang — ბორცვი თუ მსოფლიოში უძველესი პირამიდა?
ათწლეულების განმავლობაში არქეოლოგები ცდილობდნენ გაერკვიათ სად არის უძველესი პირამიდა. არჩევანი ორი იყო, ეგვიპტე და პერუ. თუმცა, ახლა ახალი კონკურენტი გამოჩნდა. ეს ინდონეზიაში მდებარე უზარმაზარი მეგალითური კომპლექსია. Gunung Padang თავიდან ბორცვი ეგონათ, მაგრამ ახლა ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობაა.
უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევრები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ კომპლექსის ფენა აშენდა მინიმუმ 9500 წლის წინ. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, Gunung Padang მსოფლიოში უძველეს პირამიდად ჩაითვლება.
თუმცა, ჯერ ზუსტი პასუხის თქმა რთულია. ამიტომ, ოფიციალურად უძველეს ასეთ ნაგებობად ჯერ კიდევ პერუს კარალის პირამიდების კომპლექსი ითვლება.
კომენტარები