ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები შემაძრწუნებელი შემთხვევის ანალიზს გვთავაზობენ. ეს ეხება ჩეხეთის ზოოპარკში მობინადრე მაიმუნს, რომელიც საკუთარ მკვდარ ნაშიერს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თან დაატარებდა, შემდეგ კი მისი შეჭმა დაიწყო.

კანიბალიზმის ამგვარი ფენომენი პირველად დაფიქსირდა დრილის (Mandrillus leucophaeus) სახეობაში, რომელიც გადაშენების საფრთხის ქვეშაა და ნაკლებადაა შესწავლილი. მდედრმა ინდივიდმა, სახელად კუმასიმ, მამრი ნაშიერი 2020 წლის 24 აგვისტოს გააჩინა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, 8 დღეში კი ის მოკვდა.

თავდაპირველად დედა გვამს არ იშორებდა და მასთან ისე ურთიერთობდა, როგორც ცოცხალთან. ასევე იქცეოდნენ სხვა მაიმუნები, მაგალითად, თვალებში ჩახედვას ცდილობდნენ. 2 დღეში სიტუაცია შეიცვალა, რადგან კუმასიმ ნაშიერის შეჭმა დაიწყო, რის შემდეგაც ზოოპარკის თანამშრომლებმა ვოლიერიდან ლეში გაიტანეს.

ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეოც მოგვეპოვება, რომელიც ქვემოთაა ნაჩვენები, მაგრამ, სჯობს, სუსტი გულის ადამიანებმა არ ნახონ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, თავიდან კუმასი ვერ ხვდებოდა, რა მოხდა ან მოვლენის უარყოფის ფაზაში იყო. ამ პერიოდში ის და სხვა დრილები მკვდარი ინდივიდისთვის თვალებში ჩახედვას ცდილობდნენ, ყნოსავდნენ და ეხებოდნენ, დედა კი მას მამრებს არ აკარებდა. ავტორების თქმით, მაიმუნები მკვდარი ცხოველის სახეს ხშირად ათვალიერებენ, რადგან, სავარაუდოდ, თვალების მოძრაობის დაფიქსირება სურთ.

მეორე ფაზის დროს დედა ნაშიერის სხეულს აქეთ-იქით ისროდა, შემდეგ კი მის ჭამაზე გადავიდა.

"კანიბალიზმი შესაძლოა, ადაპტაციურ-ევოლუციური თვისება იყოს, თუ გავითვალისწინებთ პრიმატი დედებისთვის საჭირო დიდ რეპროდუქციულ ენერგიას. მაკეობის შემდეგ ამ ენერგიის აღდგენა, პოტენციურად, დედის რეპროდუქციული წარმატების შანსს ზრდის", — აცხადებენ მკვლევრები.

ის ფაქტი, რომ დედას ნაშიერის ლეში სხვა დრილებისთვის არ გაუზიარებია, ამ ჰიპოთეზას ამტკიცებს. ეს ნიშნავს, რომ მან კანიბალიზმის გზით შესაძლოა, ენერგია აღიდგინა. ასევე, ახალშობილი ძალიან მალე მოკვდა, რის გამოც კუმასის მასთან მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი დრო არ ჰქონია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Primates გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.