კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი — უსასრულობა, ყველაფერი, არაფერი და ბავშვობის დასასრული
ვინ იცის რამდენჯერ გამოგვიყენებია სიტყვები — უსასრულობა, ყველაფერი და არაფერი. თუმცა, ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი სიტყვები თავის თავში სამყაროს მთავარ საიდუმლოს ატარებს. სამწუხაროდ ჩვენი გონების ნამდვილი ჩიხიც აქ იწყება.
რატომ?
მაშ ასე, მეცნიერება გვეუბნება, რომ სამყარო დიდი აფეთქებით დაიწყო. დიდ აფეთქებამდე იყო არაფერი და არაფრიდან ჩნდება ყველაფერი. ეს ორი კი ერთობლივი ძალისხმევით აჩენს უსასრულობას. ეს უბრალოდ სიტყვებით თამაში არ გეგონოთ, საქმე გვაქვს ლიმიტთან, რის იქითაც ჩვენი გონება ფანტაზიისა და დაშვებების დონეზეც ვეღარ იხედება.
გონებისთვის აღქმა რთულდება, როდესაც ვხვდებით, რომ საქმე ოქსიმორნთან გვაქვს. იქ სადაც არაფერია ყველაფერი ვერ იარსებებს და სადაც საქმე უსასრულობასთან გვაქვს ყველაფრის ადგილი არც იქაა. როგორ შეიძლება უსასრულობაში ყველაფერი განსაზღვრო? ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ უსასრულოდ უნდა საზღვრო და უსასრულობაშივე ჩაიკარგო.
ვიღაცა ამაში მეცნიერებას დაამუნათებს და თავშესაფრის საძიებლად ღმერთისკენ გაეშურება. თუმცა, ზუსტად იგივე ოქსიმორონია კრეაციონიზმის კონცეფციაშიც. ღმერთი იდეურ დონეზე ყველაფერია, თუმცა ის არაფრიდან ჩნდება, იმიტომ, რომ ის სულ არსებობს, შესაბამისად, უსასრულოა. თეიზმი, ისევე როგორც ათეიზმი ფუნდამენტურ დონეზე სწორედ ზემოთ ხსენებული სიტყვების ბურუსშია გახვეული.
თუმცა, ღმერთის კონცეფციაში ადამიანმა რაღაცა არ იცის და მას ვერც გაიგებს. არის "პრივილეგირებული ცოდნა", რომელზეც ხელი მხოლოდ ღმერთს მიუწვდება. მეცნიერებაში ეს ასე არ არის. მეცნიერებაში ადამიანი ცდილობს გაიგოს ყველაფერი, რაც არ უნდა წარმოუდგენელი და გინდაც დამამცირებელი შეიძლება იყოს ის ჩვენი ეგოსთვის.
"სადღაც, რაღაც წარმოუდგენელი ელოდება აღმოჩენას", — გვეუბნება კარლ სეიგანი და ჩემი აზრით, სწორედ ეს წინადადება აღწერს ყველაზე კარგად როგორც მეცნიერების, ისე თავად სეიგანის ჟინს — გაიგოს ის, რაც ახლა, აი ამ მომენტში უბრალოდ წარმოუდგენელია. ამ პრინციპს თუ მივყვებით სწორედ მეცნიერებამ უნდა გამოგვიყვანოს უსასრულობის, არაფრისა და ყველაფრის ბურუსიდან.
"პასუხი აქვეა, გვერდით, ჩვენ უბრალოდ მისი დანახვა უნდა ვისწავლოთ", — ამბობს სეიგანი.
კარლ სეიგანი ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი სხვისთვის, მეცნიერების ყველაზე დიდი პოპულარიზატორია. მისი შრომები, საჯარო ლექციები, დოკუმენტალისტიკა თუ წიგნები ერთ მთავარ იდეას ემსახურება — მოგვამზადოს წარმოუდგენლის წარმოსადგენად.
კარლ სეიგანი, ისევე როგორც ბევრი სხვა მეცნიერი, თუ ამ სფეროს პოპულარიზატორი, "ქართულად" შედარებით გვიან ალაპარაკდა. თუმცა, როგორც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
სულაკაურის გამომცემლმობა დღეს ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს და ამას განსაკუთრებით იმ სერიით, რომელსაც აკადემია ჰქვია და რომელშიც სხვა დიდ მოაზროვნეებთან ერთად კარლ სეიგანის წიგნებიც მოხვდა. "კოსმოსის" შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა "მკრთალი ლურჯი წერტილი" — წიგნი, რომელიც არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ სწორედ წარმოუდგენელის წარმოდგენის სახელმძღვანელოა.
"თანამედროვე მეცნიერება გვთავაზობს მოგზაურობას უცნობ სამყაროში, სადაც ყოველ გაჩერებაზე თავმდაბლობის გაკვეთილი გველოდება. ბევრი მგზავრი ალბათ შინ დარჩენას ამჯობინებდა", — გვაფრთხილებს სეიგანი წიგნის თავშივე.
კარლ სეიგანი მკრთალი ლურჯი წერტილით კოსმოსში გვეპატიჟება, სადაც მასშტაბები წარმოუდგენლად იზრდება. თუმცა, მალევე გვაფრთხილებს, რომ "ჩვენთვის არავის უბოძებია მთავარი როლი კოსმოსურ სპექტაკლში".
ჩნდებს შეკითხვა — რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნი, რომელიც საკუთარ უმნიშვნელობას დაგვანახებს?
საქმე იმაშია, რომ მეცნიერებისა და ზოგადად განვითარების ფუნდამენტი სწორედ ეს არის. დაწყებული გეოცენტირზმიდან ჰელიოცენტრიზმამდე, გაგრძელებული გალაქტიკების აღმოჩენითა და სრულიად ახალი, ჭკუიდან გადამყვანი იდეით დასრლებული, რის მიხედვითაც, მთლიანად ჩვენი "უსასრულო" სამყარო ერთი ჩვეულებირივი წერტილია თავისი ფიზიკის კანონებით — და შეიძლება არსებობდეს თავად უსასრულო სამყაროების უსასრულო ჯგუფი. უსასრულო უსასრულობაში, უსასრულოდ!
და მაინც, რა როლი გვაქვს ჩვენ ასეთ რეალობაში?
ამაზე პასუხი ორია. ან ვრჩებით ეგოცენტრულ ბავშვებად და საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ მთელი ეს უსასრულობა მხოლოდ ჩვენთვისაა შექმნილი, ან გადავდივართ ახალ ფაზაში, სადაც ბავშვობა სრულდება, ინფანტილურ ოცნებებს ცნობისმოყვარეობა ანაცვლებს და ვაგრგრძელებთ გზას წინ — წინ უსასრულო კოსმოსში.
ის ვინც ბოლო გზას ირჩევს კარლ სეიგანის მკრთალი ლური წერტილი მისთვისაა. და კიდევ უფრო აუცილებლად ეს წიგნი იმან უნდა წაიკითხოს, ვისაც სულაც ვერ გადაუწყვეტია თუ სად მიდის.
კარლ სეიგანის ეს წიგნი (ისევე როგორც "კოსმოსი") თავის თავში ვირუსის მატარებელია, ვირუსის, რომელიც მკითხველში ინფანტილურ ბავშვობას აქრობს და ცნობისმოყვარეობითა და სამყაროს შემეცნებით განსჭვალავს.
დაბოლოს, არ დაგვავიწყდეს როგორ მოვედით აქამდე, როგორ მივატოვეთ იმ დროისთვის კომფორტული გამოქვაბულები და როგორ შევცურეთ ტივებით უსაზღვრო ოკეანეებში. ასეთ პრეისტორიულ ადამიანებში სწორედ რომ მკრთალი ლურჯი წერტილის ვირუსი იყო — ის მათ ერთ ადგილზე არ ასვენებდა და მუდმივ მოძრაობისკენ უბიძგებდა.
როგორც კი წიგნის კითხვას მორჩებით, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრებთ, რომ მთელი ეს "ვებერთელა" პლანეტა, რომელზეც "ცხოვრობდა ყველა გმირი და ლაჩარი, ცივილიზაციის ყველა შემოქმედი და დამანგრეველი, ყველა მეფე და გლეხი, ყველა შეყვარებული წყვილი, იმედებით სავსე ყველა ბავშვი, ყველა ჭკუის დამრიგებელი, ყველა უზენაესი ბელადი, ყველა წმინდანი და ცოდვილი — ეს ყველაფერი უზამრაზარ კოსმოსურ არენაზე მდებარე ერთი ძალიან პატარა სცენაა".
და თუ ჩვენ, როგორც სახეობას, ისე ინდივიდს გვსურს ამ აზრის "ზემოდან", კოსმოსიდან დანახვა, მასშტაბების გაზრდა და ფუნდამენტური არ ცოდნის ფუნდამენტურ ცოდნად გარდაქმნა, მაშინ ბავშვობის დასასრულის დროა!
როგორც მორფეოსი იტყოდა: აქ არის წითელი და ლურჯი აბი. თუ მიიღებთ ლურჯ აბს თქვენ დარჩებით ტყუილში, ბავშვობასა და ილუზიებში. თუ მიიღებთ წითელს, ეს მტკივნეული იქნება, შეიძლება ძალიან მტკივნეულიც, მაგრამ გეძლევათ შანსი დაინახოთ რეალობა, აღიქვათ ის რაც ახლა აღუქმელია — გაიაზროთ არაფერი, ყველაფერი და უსასრულობა. გამოხვიდეთ ჩიხიდან!
კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი წითელი აბია. გირჩევთ სწორედ ის გასინჯოთ — "სადღაც, რაღაც წარმოუდგენელი ელოდება აღმოჩენას".
კომენტარები