რაში ხარჯავენ ადამიანები დროს ყოველდღიურად? — გლობალური მონაცემების ანალიზი
თითოეულ ჩვენგანს გარკვეული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა აქტივობებში ხარჯავს დროს დღის განმავლობაში. თუმცა რამდენად ვერკვევით იმაში, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები ყოველდღიურად?
უპრეცედენტო ანალიზში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში, მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს.
მათ გააანალიზეს 145 ქვეყნიდან და 2000-დან 2019 წლამდე შეგროვებული მონაცემები. მონაცემები მოიცავდა დროის გამოყენების გამოკითხვებს, დასაქმებისა და სამუშაო დროის ეროვნულ სტატისტიკასა და ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების საერთაშორისო ჩანაწერებს.
ამ ძალისხმევამ გამოავლინა ის, რასაც მკვლევრებმა უწოდეს "ადამიანის გლობალური დღე" — ანუ საშუალოდ რაში ხარჯავენ დროს ადამიანები მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად.
მოკლედ, როგორ გამოიყურება ეს გლობალური დღე?
უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით, 9.1 საათი იხარჯება ძილში ან დასვენებაში. ეს შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კვლევა მოიცავს ბავშვებს, მათ შორის, ახალშობილებს.
სიფხიზლის დროს ადამიანები დღის, თითქმის, მესამედს ატარებენ პასიურ, ინტერაქციულ და სოციალურ აქტივობებში. ეს, დაახლოებით, 4,6 საათი მოიცავს კითხვას, ტელევიზორის ყურებას, შემოქმედებას, თამაშს, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან შეკრებებზე სიარულს ან უბრალოდ არაფრის კეთებას. ჭამა და საჭმლის მომზადება კი დღის 2,5 საათს შეადგენს. ჰიგიენის დაცვას — თავის მოვლის, დაბანისა და ჩაცმის ჩათვლით — დაახლოებით, 1,1 საათი სჭირდება. საცხოვრებელი სივრცეების დასუფთავება და მოვლა კი დღეში 0,8 საათი გვიჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო შეიძლება ძალიან შრომატევადი იყოს დასაქმებულთათვის, იგი დღის, სულ რაღაც, 2,6 საათს შეადგენს. არც განათლებაა მაინც და მაინც მოთხოვნადი — მხოლოდ 1,1 საათი. და, საინტერესოა, რომ საქონლის დამზადებას, სახლებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ამ სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეგროვებას ადამიანის გლობალურ დღეში 0,8 საათი მიაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სახლების, შენობებისა და ქალაქების შექმნას ჩვენი კოლექტიური დროის მხოლოდ 3% სჭირდება.
მკვლევრებს ასევე აინტერესებდათ, როგორ იცვლება ადამიანების დროის საშუალო გამოყენება სიმდიდრესთან ერთად. მათ იპოვეს აშკარა განსხვავებები; ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაცხოვრებლები ყოველდღიურად, დაახლოებით, 1,5 საათზე მეტს ხარჯავდნენ კვებაზე, ფიზიკურ დასვენებასა და, ზოგადად, რეკრეაციულ აქტივობებზე. გარდა ამისა, უმდიდრესი ქვეყნების ხალხი დღეში, საშუალოდ, მხოლოდ ხუთ წუთს ანდომებს საკვების მოყვანასა და მოსავლის შეგროვებას, ხოლო უღარიბესი ქვეყნების ხალხი — საათზე მეტს.
მაგრამ მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ბევრი საერთო მახასიათებელიც. ჩვენ ყველანი, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს ვატარებთ ჭამაში, საჭმლის მომზადებაში, ტრანსპორტირებაში, თავის მოვლასა და დაბანაში.
უზარმაზარი ანალიზი წარმოადგენს პირველ გამოქვეყნებულ მონაცემებს Human Chronome Project-ისა, რომელიც ცდილობს, შექმნას ადამიანის გლობალური საქმიანობის მონაცემთა ბაზა. ადამიანის ქრონომის შეკრებით, მკვლევრების თქმით, შეგვიძლია თავი შევადაროთ წარსულის ცივილიზაციებს. რაც მთავარია, შეგვიძლია ემპირიული პერსპექტივიდან დავინახოთ, რას აკეთებს ჩვენი სახეობა პლანეტაზე და მივიღოთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები ჩვენი კოლექტიური დროის გადანაწილების შესახებ, რათა მსოფლიო და საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
კომენტარები