ჩვენი ევოლუციური წინაპრები დინოზავრებთან თანაცხოვრობდნენ — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, პლაცენტარული ძუძუმწოვრები, რომლებიც თანამედროვე ადამიანებს, ძაღლებსა და ღამურებს ევოლუციურად ენათესავებიან, მილიონობით წლის წინ დინოზავრებთან თანაცხოვრობდნენ. ეს ცარცულ ეპოქაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, სანამ დედამიწას ასტეროიდი შეეჯახებოდა და ამ უზარმაზარ არსებებს გადააშენებდა.
აღნიშნული მოვლენა 66 მილიონი წლის წინ მოხდა. უფრო ადრინდელ განამარხებულ ნიმუშებში პლაცენტარული ძუძუმწოვრების კვალი აღმოჩენილი არაა, ამიტომ აქამდე მიიჩნეოდა, რომ ისინი კატასტროფის შემდეგ გაჩნდნენ.
მეცნიერთა უკანასკნელი ნაშრომი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ის მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც მსგავსი არსებები ჩვენს პლანეტაზე მანამდეც ბინადრობდნენ, თუმცა დინოზავრთა გადაშენების მომდევნო პერიოდში უფრო მრავალმხრივად განვითარდნენ.
სპეციალისტებმა ასტეროიდთან შეჯახების შემდგომი პლაცენტარული ძუძუმწოვრების ჯგუფების ათასობით ნამარხის შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს, რათა მათი წარმოშობა და გადაშენება დეტალურად გამოეკვლიათ. შედეგად, ავტორებმა ცხოველთა ევოლუციის სავარაუდო დროითი განფენილობა განსაზღვრეს და დაადგინეს, რომ ამგვარი არსებები 66 მილიონ წლის წინანდელ კატასტროფამდე დედამიწაზე უკვე გვხვდებოდა.
კერძოდ, საუბარია უძველეს პრიმატებზე (ამ ჯგუფში ადამიანები, მაიმუნები, კურდღლები, ძაღლები, კატები და სხვა მსგავსი სახეობები მოიაზრება), რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში პლანეტაზე დინოზავრებთან ერთად ბინადრობდნენ. ისინი მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ და ევოლუცია განიცადეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები