ვების ტელესკოპმა ორიონის ნისლეულში სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი მოლეკულა დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან დაახლოებით 1 350 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა სისტემაში ნახშირბადის ნაერთი დააფიქსირა, რომელიც სიცოცხლის წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ესაა მეთილის კათიონი (CH3+), რომლის კვალიც კოსმოსში აქამდე არასდროს აღმოგვიჩენია.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ CH3+-ს ორიონის ნისლეულში განლაგებულ სისტემაში d203-506 მიაგნო, რომელშიც პროტოპლანეტური დისკოცაა ფორმირებული. იქ ამ ნაერთის არსებობა საინტერესოა, რადგან ის რთული ნახშირბადული ორგანული მოლეკულების საფუძველია.
მეთილის კათიონი, იგივე მეთენიუმი, მრავალ მოლეკულასთან მარტივად შედის რეაქციაში და მათთვის ერთგვარი "მატარებლის" ფუნქციას ასრულებს, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით, სხვა მოლეკულებისკენ "წაიყვანს". სწორედ ამიტომ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვარსკვლავთაშორის ორგანულ ქიმიაში მას დიდი როლი აქვს.
რომ არა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის უნიკალური შესაძლებლობები, მეთენიუმის დაფიქსირება გაგვიჭირდებოდა. ამ ობსერვატორიის სივრცული და სპექტრული გარჩევადობის მაღალი ხარისხი და განსაკუთრებული მგრძნობელობა მსგავსი მოლეკულების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს.
რაც შეეხება სისტემას, რომელშიც CH3+-ს მიაკვლიეს, იქ მცირე ზომის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს ვხვდებით. ამ რეგიონს ახლომდებარე, მასიური ვარსკვლავებისგან დიდი ოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივება გადაეცემა, რომელიც, როგორც წესი, რთულ ორგანულ მოლეკულებს ანადგურებს. ამის მიუხედავად, d203-506-ში მეთენიუმი მაინც შენარჩუნდა და შესაძლოა, გამოსხივებისგან საჭირო ენერგიასაც კი იღებდეს.
ასტრონომები ამბობენ, რომ სისტემაში წყლის კვალს ვერ მიაგნეს, რაც პროტოპლანეტური დისკოს შემადგენლობაზე და, პოტენციურად, სიცოცხლის ჩამოყალიბებაზე ულტრაიისფერი რადიაციის მნიშვნელოვან გავლენას ცხადყოფს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები