და, აი, ისიც! — ვების ტელესკოპმა სატურნი გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პლანეტა — სატურნი გადაიღო. ჯერჯერობით მისი დაუმუშავებელი სურათები მოგვეპოვება, მაგრამ მათზე გამოსახული ეს უზარმაზარი ციური სხეული თავისი გიგანტური რგოლებით მაინც თვალწარმტაცია.
ახლახან გამოქვეყნებული კადრები მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფით (NIRSpec) დააფიქსირა. მათი ნაწილი მხოლოდ კაშკაშა ობიექტს გვიჩვენებს, რომლის გარჩევაც შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ზოგ სურათზე სატურნი მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, როგორი გასაოცარი იქნება ეს სურათები მას შემდეგ, რაც სპეციალისტები სათანადოდ დაამუშავებენ და შესაბამის ფერებსაც დაადებენ. მანამდე, ზედა გამოსახულებაზე აირის გიგანტი პლანეტა თითქმის შავია, მისი რგოლები კი თეთრად ელვარებს. მათი სინათლის ტალღური სიგრძეები განსხვავებულია, ამიტომ კონკრეტული ფილტრების გამოყენებისას რგოლები უფრო კაშკაშაა.
სურათებზე არსებული თეთრი წერტილები უბრალოდ ე.წ. ფონური ხმაურია, რომელიც დამუშავებისას გაქრება.
ეს გამოსახულება უფრო მოკლე ტალღური სიგრძის ფილტრს შეიცავს, რის გამოც მასზე სატურნის ატმოსფეროს სარტყლები გამოკვეთილია. აქ რგოლები უფრო ნათელია, ვიდრე ზედა სურათზე.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ NIRSpec-ის მონაცემების დახმარებით სატურნის რგოლებსა და მთვარეებზე მეტს გაიგებენ. ამ ხელსაწყოს პლანეტის გარშემო მოძრავი მეტი ბუნებრივი თანამგზავრის გამოვლენაც შეუძლია.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფოტოები დაუმუშავებელია, მეცნიერები მათ ჯერ კიდევ იკვლევენ. არაა გამორიცხული, ასტრონომებმა ანალიზის შემდეგ რაღაც ახალიც აღმოაჩინონ.
ყველა კადრის სანახავად, გადადით ბმულზე: https://jwstfeed.com/Home/ShowFeed?searchTerm=saturn-centre.
კომენტარები