როგორ გლოვობენ ბეჰემოთები — ნახეთ უიშვიათესი კადრები

ფოტო: PBS
გლოვა, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. ხშირად ფიქრობენ, რომ ეს ფენომენი მხოლოდ ადამიანებში გვხვდება. ამის მიუხედავად, ცხოველთა სამყაროში არის ემოციური და ქცევითი მდგომარეობები, რომლებიც სწორედ დანაკარგზე უნიკალურ რეაქციას გამოხატავს. ასეთ სახეობებს შორის არიან ბეჰემოთებიც.
მათში გლოვის ამსახველი უიშვიათესი კადრები PBS Nature-ის დოკუმენტურ გადაცემაში მოხვდა, რომელიც ტანზანიაში მდებარე კატავის რეგიონის გასაოცარ ეკოსისტემას გვაცნობს. იქ, აფრიკის შუაგულის დიდ რიფტულ ხეობაში, 7 800 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზე გადაჭიმული ეროვნული პარკია. აღნიშნულ არეალში იყო გვალვა, რომელიც მთელს საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. ამას იქ მობინადრე ცხოველების სიკვდილიც მოჰყვა.
მათ შორის იყო ხნიერი ბეჰემოთი, რომლის შეშუპებული სხეულიც კამერებმა წყალზე მოტივტივე დააფიქსირა. მას გარშემო სხვა ბეჰემოთების ჯოგი ეხვია, რომლებმაც მალევე შენიშნეს, რომ მტაცებლებისგან მათი დამცველი და მრავალი ნაშიერის მამა ცოცხალი აღარ იყო.
კადრებში ვხედავთ, როგორ უახლოვდებიან მას რიგრიგობით და ფრთხილად ეხებიან — თითქოს ამოწმებენ, მართლაც მკვდარია თუ არა. ბოლოს წყალზე მოტივტივე სხეულის ირგვლივ მთელი ჯოგი იკრიბება და ზოგი მათგანი ღმუილის მსგავს ხმასაც გამოსცემს.
როგორც ნარატორი ამბობს: "ძნელია, ეს გლოვად არ მივიჩნიოთ ან დანაკარგის გაცნობიერებად მაინც. ასეთი ერთგვარი პროცესია აქამდე სპილოებშიც დაფიქსირებულა, მაგრამ ბეჰემოთებში ძალზე იშვიათია".
ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა 2018 წელს გადაიღეს, როცა მდედრი ბეჰემოთი მკვდარი ნაშიერის სხეულს მუდმივად გადაადგილებდა, წყლიდან ამოჰქონდა და ნიანგებს მისი შეჭმის უფლებას არ აძლევდა, რა დროსაც შეტევაზე გადადიოდა. ასეთი აგრესიული ქმედებები საკმაოდ უჩვეულოა და ე.წ. ეპიმელეტიკური ქცევის მაგვარია, როცა ცხოველები იმავე სახეობის ავადმყოფ, დასახიჩრებულ ან მკვდარ წარმომადგენლებზე ზრუნავენ. ის გლოვასთანაც იკვეთება და პრიმატებსა თუ წყლის ბინადრებშიცაა გავრცელებული.
კომენტარები