"ჰორუსის თვალი" გამოსახულებაა, რომელიც ეგვიპტეში თითქმის ყველგან გვხვდება. ეს სიმბოლო ხშირი განსაკუთრებით ძველ საფლავებშია, ძირითადად ვეჯატის ტიპის ამულეტებზე. ზოგჯერ ჰორუსის თვალი გამოსახული კუბოებზე და სამარხების შიგნით კედლებზეცაა. მაგრამ რა არის ის და რას ნიშნავდა ძველი ეგვიპტელებისთვის?

ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ჰორუსი ოსირისის, ქვესკნელის ღმერთის, შვილი იყო. ის თავის ბიძას, სეთს, ეგვიპტის მმართველობის მოსაპოვებლად ებრძოდა. ბრძოლის დროს სეთმა ძმის შვილს მარცხენა თვალი დაუზიანა. საბოლოოდ, ჰორუსმა ბრძოლა მოიგო, ეგვიპტის მბრძანებელი გახდა და მარცხენა თვალიც დაიბრუნა.

"თვალი იბისისთავიანმა თოტმა აღადგინა, რომელიც სიბრძნის ღმერთი იყო", — განაცხადა ემილი თიტერმა, პოლონეთის ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიური ცენტრის მკვლევარმა, Live Science-თან საუბრისას. მარცხენა თვალის ეს გამოსახულება ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა.

"ვეჯატი ძველი ეგვიპტიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამულეტია", — თქვა კეი იამამოტომ, ეგვიპტოლოგმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან — "ვეჯატის ამულეტი განკურნებასთან და დაცვასთან ასოცირდება. ამ მიზეზით ის ბევრ საფლავში, მუმიის სახვევებში გვხვდება".

ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია 3 000 წელზე მეტ ხანს არსებობდა, ჰორუსის თვალთან დაკავშირებული ტრადიციებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. იამამოტოს თქმით, უფრო გვიანდელ პერიოდში, დაახლოებით ძვ.წ. პირველ ათასწლეულში, მუმიფიკაციის პროცესის დროს, მიცვალებულს მუცლის მარცხენა მხარეს ჭრილობას უკეთებდნენ. შემდეგ მასზე ცვილისგან გაკეთებულ დიდ ვეჯატის თვალს აკრავდნენ.

ჰორუსის თვალი ყველასთვის მარტივად ამოსაცნობი სიმბოლო გახდა. ის "პრაგმატული მთლიანობისა და კეთილდღეობის" მეტაფორად იქცა. "ჰორუსის თვალი სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენებოდა. შეიძლება, ნილოსის წყლებისთვის, ეგვიპტისთვის, განკურნებისა და საკვებისთვისაც დაეკავშირებინათ", — ამბობს პენი ვილსონი.

ფოტო: Live Science

ჰორუსის თვალი ასევე მთვარის ციკლებთან ასოცირდებოდა, მის ზრდასა და კლებასთან, რაც შესაძლოა, მას მიმზიდველობას მატებდა. "მის დაზიანებასა და აღდგენას ხშირად მთვარის ციკლებთან აიგივებდნენ, განსაკუთრებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე და პირველ ათასწლეულებში", — ამბობს მეცნიერი — "მიუხედავად იმისა, რომ ჰორუსის თვალი რთული სიმბოლო იყო, მრავალი მნიშვნელობითა და ფუნქციით, მისი კავშირი ციურ სხეულთან მის მიმზიდველობას ზრდიდა".

ვეჯატის ამულეტები პირველად დაახლოებით ძვ. წ. 2 200 წელს გამოჩნდა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ თვალები მკვდრებს არა მხოლოდ მაგიურად იცავდა, არამედ მათ შესაძლებლობას აძლევდა, რომ ცოცხალთა სამყაროსკენ გაეხედათ.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, ჰორუსის თვალი დაახლოებით მეექვსე დინასტიის დროს რატომ გამოჩნდა. იამამოტოს თქმით, სწორედ ამ პერიოდში ძველმა ეგვიპტელებმა პირამიდების კედლებზე რელიგიური ტექსტების წერა დაიწყეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რწმენის კანონიზებას ცდილობდნენ. შესაძლოა, ახალი რელიგიური სიმბოლოების, მათ შორის ჰორუსის თვალის, შექმნისა და გავრცელების საფუძვლად სწორედ ეს პროცესი იქცა.

"ჩვენ ვიცით, რომ ეგვიპტელები გალენას და მალაქიტს უძველესი დროიდან იყენებდნენ. ის ძლიერი დამცავი კოსმეტიკა იყო, რომელსაც თვალზე ისვამდნენ. ვეჯატის თვალი შეიძლება, დაცული თვალის ვიზუალურ გამოხატულებად ითვლებოდეს", — ამბობს ვილსონი.

მისი შექმნის მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, ჰორუსის თვალი დროთა განმავლობაში ეგვიპტესთან მჭიდროდ დაკავშირებულ სიმბოლოდ იქცა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ის "ძალიან მრავალმხრივი, ეგვიპტური სტილის და ძლიერი სიმბოლოა".

ასევე ნახეთ: როგორია ძველი ეგვიპტის ისტორია: დინასტიები, რელიგიები და დამწერლობა

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.