პორნოგრაფია კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი. მეორე მხრივ, ის ასეთი გავრცელებული და ხელმისაწვდომი აქამდე არასდროს ყოფილა.

სტატისტიკის მიხედვით, დღეს პორნოგრაფია უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა: 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ერთი თვის განმავლობაში კაცების 91,5% და ქალების 60,2% მოიხმარდა მსგავს მასალას.

პორნოგრაფიაზე წვდომის გამარტივების პარალელურად ჩნდება კითხვა, თუ რას უშვრება ის ჩვენს ტვინს, განსაკუთრებით პატარა ასაკში.

მიუხედავად იმისა, რომ არც პორნოგრაფიის პრობლემური გამოყენება და არც მასზე დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში არ არის შეტანილი, ის შეიძლება მაინც საზიანო იყოს ბევრი ადამიანისთვის.

რას შეიძლება ნიშნავდეს პორნოგრაფიის მოხმარების პრობლემურობა? ასეთ ადამიანებს როგორც წესი, უჭირთ მისგან თავის შეკავება და პორნოგრაფიაზე დამოკიდებული არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მათ ფსიქიკაზე ცუდად ისახებოდეს.

როგორც ცვლის ტვინს პორნოგრაფია

ამ მხრივ ზოგიერთი კვლევა ათი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ ისინი კვლავ აქტუალურია. ადამიანებზე კონტროლირებადი ექსპერიმენტები, განსაკუთრებით ამ ტიპის, არსებითად არაეთიკურია, ამიტომ კვლევები ეყრდნობა გამოკითხვებს და ანგარიშებს.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ — ტვინის ერთ-ერთმა პირველმა კვლევამ პორნოგრაფიის მამრობითი სქესის მომხმარებლებზე — აღმოაჩინა კორელაცია პორნოგრაფიის გამოყენებასა და ნაცრისფერ მატერიის შემცირებას შორის. ეს ხდება ტვინის დაჯილდოების სისტემის ნაწილში, რომელიც მონაწილეობს მოტივაციასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პორნოგრაფიის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარებისას ქვეითდება კავშირი ტვინის ფრონტალურ ქერქსა — ანუ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ნაწილსა — და დაჯილდოების სისტემას შორის. შედეგად, ეს იწვევს მეტ სურვილსა და იმპულსურ ქცევებს, რადგან ადამიანს სჭირდება უფრო მეტი სტიმული, რათა იგრძნოს იმავე დონის სიამოვნება, რაც ადრე.

სხვა კვლევამ, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ სუბიექტების 49% ისეთ მასალას მოიხმარდა, რომელსაც აქამდე ამაზრზენადაც კი მიიჩნევდა. რადგან პორნოგრაფია შეიძლება იწვევდეს ტვინში ცვლილებებს და სიამოვნების აღქმაზეც ახდენდეს გავლენას, მომხმარებლებმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ექსტრემალური პორნოგრაფიის გამოყენება დაიწყონ.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს ჩვენს პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

როგორ მოქმედებს პორნოგრაფია ურთიერთობებზე

არსებობს კვლევები, რის მიხედვითაც, პორნოგრაფიას შეიძლება დადებითი ეფექტიც ჰქონდეს. მაგალითად, ხელი შეუწყოს წყვილების სექსუალური ფანტაზიების განვითარებასა და ფანტაზიებს. მიუხედავად ამისა, კვლევების უმეტესობა უთითებს, რომ პორნოგრაფიის გამოყენებას უარყოფითი ეფექტი აქვს ურთიერთობებზე.

პორნოგრაფიის ხშირად გამოყენება ძირითადად ასოცირდება ურთიერთობისგან ნაკლებ კმაყოფილებასთან. მეტიც, ეს ასოცირდება ღალატის უფრო მაღალ მაჩვენებელთან, ერთგულების დაბალ დონესთან და ნდობის ნაკლებობასთან.

ასევე ფიქსირდება გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია არარეალურ მოლოდინებთან, პარტნიორის მიმართ სექსუალური ინტერესის დაქვეითებასთან.

2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფიის გამოყენება პირდაპირ დაკავშირებული იყო წყვილებს შორის სექსის ნაკლებობასთან.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 18-დან 35 წლამდე ასაკის კაცებში პორნოგრაფიის მოხმარებასა და სექსუალურ დისფუნქციას შორის კავშირს იკვლევდა, აჩვენა, რომ მათგან 20%-ში გარკვეული სექსუალური დისფუნქცია ფიქსირდებოდა.

გამოსავალი

ვინაიდან პორნოგრაფიის გამოყენება ზოგჯერ ასოცირდება სირცხვილთან, მნიშვნელოვანია ეს გადაილახოს. თუ წყვილიდან ერთ-ერთი დამოკიდებულია პორნოგრაფიაზე, მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ერთად გადალახონ.

მკვლევრების თქმით, პარტნიორთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვნად დაეხმარება ადამიანს შესაბამისი პრობლემების დაძლევაში. ამასთან, არსებობენ შესაბამისი თერაპევტებიც, რომლებისთვისაც მიმართვა არასდროს არის გვიან.

პორნოგრაფიის ეფექტი ახალგაზრდებზე

ჩვენ ვიცით, რომ პორნოგრაფიაზე ხელი თითქმის ყველას მიუწვდება, მათ შორის ახალგაზრდებსაც.

Common Sense Media-ს 2022 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ რესპონდენტთა 73%-ს (13-დან 17 წლამდე) ნანახი ჰქონდა პორნო. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ათწლეულების სტატისტიკისგან. მაგალითად, 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების მხოლოდ 42%-ს ჰქონდა ნანახი პორნოგრაფიული შინაარსის მასალა.

2022 წელს ჩატარებული კვლევის მონაწილეების 54%-ის თქმით, მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება 13 წლის ასაკამდე ჰქონდათ. 15%-მა მსგავსი მასალები 10 წლამდე ასაკში ნახა. რაც ასევე საინტერესოა, მოზარდების 58%-მა თქვა, რომ პირველად პორნოგრაფიულ მასალებს შემთხვევით გადააწყდა.

მოზარდების შემთხვევაში პორნოგრაფიულ მასალას შეიძლება ბევრად უფრო დიდი უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პიროვნებისა და იმპულსური აშლილობის უფრო მაღალ მაჩვენებლებთან.

ამან შეიძლება სრულიად არასწორი წარმოდგენა გააჩინოს სექსზე და მსგავს ინტიმურ ურთიერთობებზე.

პორნოგრაფიული მასალების გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა გავლენა იქონიოს განვითარებად ტვინზე. ეს იმიტომ, რომ მოზარდის ტვინი სწრაფ განვითარებას განიცდის და მასზე პორნოგრაფიულ მასალებს კიდევ უფრო დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 14-დან 17 წლამდე 11 000 ევროპელი მოზარდი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ისინი, ვინც პორნოგრაფიას მოიხმარდნენ, უფრო მეტად დაკავშირებულები იყვნენ აგრესიულ ქცევასთან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.