დედამიწის გარშემო ხელოვნური კოსმოსური ნარჩენების რაოდენობა დღითიდღე იმატებს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მალე ზოგიერთი ორბიტა ვეღარ გამოვიყენოთ.

განცხადებაში წერია, რომ ორბიტალური დაბინძურების წინააღმდეგ ამჟამინდელი სტანდარტები უფრო და უფრო ფართოდ ინერგება. ამის მიუხედავად, ჩვენი პლანეტის ირგვლივ უკვე არსებული ნარჩენები ერთმანეთს ეჯახება და საფრთხის შემცველ ფრაგმენტებს წარმოქმნის.

"პოტენციურად კატასტროფული ზიანის მომტანი, 1 სანტიმეტრზე დიდი ნარჩენი ობიექტების რაოდენობა 1.2 მილიონს აჭარბებს. მათგან 50 000-მე მეტი ზომით 10 სანტიმეტრს აღემატება", — ვკითხულობთ ანგარიშში.

შედარებით პატარა ფრაგმენტებს სატელიტების მნიშვნელოვანი სისტემების დაზიანება შეუძლია, უფრო დიდი (10 სმ+) ობიექტები კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) უქმნის საფრთხეს. მათთან შეჯახება აპარატებს დაშლის საშიშროების წინაშე აყენებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2016 წელს 1 მილიმეტრის მეათასედი ზომის ნაწილაკმა ISS-ის ფანჯარაზე 7-მილიმეტრიანი კვალი დატოვა.

ასე დაზიანდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფანჯარა.

ფოტო: ESA/NASA

ESA-მ სამი ფაქტორი დაასახელა, რომლებიც ორბიტალური დაბინძურების პრობლემას აუარესებს: აპარატების მოძრაობა, მათი ტიპი და კომერციული კომპანიების რიცხვი. სააგენტოში ფიქრობენ, რომ მდგრადი კოსმოსური ოპერაციების დაგეგმვისას სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ.

დღესდღეობით დედამიწის ორბიტაზე იმაზე მეტი მისია ხორციელდება, ვიდრე ოდესმე. ეს ნიშნავს, რომ იქ უფრო დიდი ოდენობით პოტენციური ნარჩენი გროვდება. მათი ნაწილი ატმოსფეროში იწვება (დღეში სამი მაინც), მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ახლად გაშვებული აპარატების რიცხვი დააბალანსოს.

რაც უფრო მეტი ნარჩენია ორბიტაზე, შეჯახებების რისკი მით უფრო იზრდება. შეჯახებები, თავის მხრივ, ისევ და ისევ ფრაგმენტების რაოდენობის ზრდას იწვევს, ანუ ერთგვარი წრე იკვრება. ESA-ს რეკომენდაციაა, რომ აპარატები მისიის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში ატმოსფეროში დაიწვას, რათა ორბიტალურ ნარჩენებს არ შეემატოს. მეორე მხრივ, სააგენტო ასეთი ობიექტების ხელოვნურად მოშორებასაც განიხილავს და 2028 წელს პირველი ასეთი მისიის განხორციელებას აპირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.