ანტარქტიკის ნახევარკუნძულის თითქმის გაყინულ წყლებში მეცნიერებმა უჩვეულო კალმარები დააფიქსირეს, რომლებიც 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში ცხოვრობენ. კადრები მათ Minderoo-UWA-ს კვლევითი ცენტრის ექსპედიციისას გადაიღეს, რომელიც 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარს შორის პერიოდში შედგა.

სპეციალისტები ფსკერზე არსებულ გარემოს დისტანციურად მართვადი აპარატით აკვირდებოდნენ, რა დროსაც Moratoothopsis longimana-ს სახეობის კალმარი შენიშნეს. ამ გასაოცარ მოლუსკებს მოთეთრო შეფერილობა და გრძელი საცეცები აქვთ. მეცნიერები ამბობენ, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და კამერების ობიექტივშიც იშვიათად ხვდებიან.

დაახლოებით იმავე სიღრმეში სხვა მსგავსი არსებაც გადაიღეს — Slosarczykovia circumantarctic. ის ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილების მქონე ორგანიზმია, რის გამოც მისი შიგნეულობა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ამ სახეობას გამოარჩევს დიდი თვალებიც, რომლებითაც ოკეანის ბნელ არეალებში გზის გაგნება უადვილდება. მკვლევრებისთვის "უდიდესი სიურპრიზი" აღმოჩნდა Alluroteuthis antarcticus-ის ხილვა, რომელიც 1 500 მეტრ სიღრმეში დააფიქსირეს. ერთ-ერთი ასეთი მოწითალო კალმარი მსხვერპლის მოხელთებისას აღბეჭდეს, სავარაუდოდ მანტის ან სხვა მოლუსკის.

ანტარქტიკის წყლებში მრავალი სახის ცეფალოპოდები (თავფეხიანები) ცხოვრობენ, რომელთა ზომაც 15 სანტიმეტრიდან 4 მეტრამდეა. კალმარების გარდა კონტინენტის გარშემო რვაფეხებიც ბინადრობენ. ყველა მათგანში ევოლუციურად ისეთი ფიზიოლოგიური მახასიათებლები ჩამოყალიბდა, რომ მკაცრ გარემოში გადარჩენა არ გაუჭირდეთ.

მაგალითად, გიგანტურ ანტარქტიკულ რვაფეხას ცისფერი სისხლი აქვს, რომელიც ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში ბიოლოგიური ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარებათ. სხვა არსებებში ყინვის საწინააღმდეგო ცილებიც გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ამ არეალში კიდევაა ისეთი კალმარები, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ. საერთო ჯამში, სამხრეთის ოკეანის ეკოსისტემა ბოლომდე ჯერ კიდევ არაა შესწავლილი, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგებით უფრო და უფრო მეტს ვიგებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.