მიკენის სამარხში აღმოჩენილი ქალი გენდერულ როლებზე ჩვენს წარმოდგენას ცვლის — კვლევა

ფოტო: pixabay.com
ის დაახლოებით 3 500 წლის წინ მოკვდა, მაგრამ სახის რეკონსტრუქციის ტექნოლოგიამ ბრინჯაოს ხანის მიკენეში მცხოვრები ქალის ხილვის შესაძლებლობა 21-ე საუკუნეშიც მოგვცა.
ძვ. წ. XVI-XVII საუკუნეებში მცხოვრები 40 წლამდე ასაკის ქალი სამეფო სასაფლაოზე დამარხეს. სამარხი მხოლოდ ათასწლეულების შემდეგ, 1950-იან წლებში მიკენეში აღმოაჩინეს, იმ ადგილას სადაც ოდესღაც ჰომეროსის ლეგენდარული მეფე აგამემნონი ცხოვრობდა.
"მას საოცრად თანამედროვე სტილი აქვს. სუნთქვა შემეკრა. პირველად გვაქვს შესაძლებლობა, შევხედოთ ქალის სახეს იმ სამეფოდან, რომელშიც ტროას ელენე ცხოვრობდა. ელენეს და, კლიტემნესტრა, ლეგენდის მიხედვით მიკენის დედოფალი იყო. მსგავსი ციფრული რეკონსტრუქციები გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები რეალურად არსებობდნენ", — ამბობს დოქტორი ემილი ჰაუზერი, რომელიც ციფრულ რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა.
ჰაუზერმა, ასევე აღნიშნა რამდენად საოცარია ის ფაქტი, რომ პირველად, მისი დამარხვის შემდეგ, გვაქვს საშუალება ვიხილოთ ბრინჯაოს ხანის სამეფო ოჯახის წევრის სახე, რომელიც იმდენად ლამაზია, რომ მის გამო "ნამდვილად წავიდოდა ათასობით ხომალდი ომში". ეს ქალი გვიან ბრინჯაოს ხანაში, ტროას ომამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე ცხოვრობდა.

მიკენელი ქალის სახის ციფრული რეკონსტრუქცია
ფოტო: Juanjo Ortega
ციფრულმა მხატვარმა, ხუანხო ორტეგამ შექმნა რეალისტური სახე იმ თიხის მოდელის საფუძველზე, რომელიც 1980-იან წლებში მანჩესტერის უნივერსიტეტში გაკეთდა. ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი პიონერია სახის რეკონსტრუქციის მეთოდებში.
ჰაუზერის წიგნი "მითოსი: ჰომეროსის სამყაროს ახალი ისტორია იმ ქალების თვალით, რომლებიც ისტორიიდან გამოტოვეს" ახლახან გამოქვეყნდა. წიგნში, ის აღნიშნავს, რომ სასამართლო ანთროპოლოგიაში, დნმ-ის ანალიზში, რადიოკარბონულ დათარიღებასა და 3D ბეჭდვაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ მკვეთრად გააუმჯობესა ძველი სამყაროს რეკონსტრუქციები. მისი თქმით, "პირველად შეგვიძლია წარსულს თვალებში ჩავხედოთ".
ქალი ოქროსა და ვერცხლის შენადნობით გაკეთებულ სახის ნიღაბსა და საბრძოლო იარაღებთან ერთად აღმოაჩინეს. თავდაპირველად სამარხში ნაპოვნი სამი ხმალი მის გვერდით დამარხული კაცის საკუთრებად მიიჩნიეს, მაგრამ ახლა დადასტურდა რომ ისინიც ქალს ეკუთვნოდა.
როგორც წესი, თუ ქალი კაცის გვერდითაა დაკრძალული, ის აუცილებლად მისი ცოლი უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამარხები და-ძმის აღმოჩნდა. სახის მსგავსება ადრევე შენიშნეს, მაგრამ ფაქტი ახლა უკვე დნმ-ის ანალიზმაც დაადასტურა.
ჰაუზერის აზრით, აღმოჩენამ უნდა დაგვაფიქროს ქალის როლზე ბრინჯაოს ხანაში. შესაძლოა, მსგავსი სამარხების დამსახურებით სამეცნიერო საზოგადოებამ გადააფასოს ამჟამად მიღებული რწმენა-წარმოდგენები ადრეული ოჯახების სტრუქტურაზე.
გავრცელებული სტერეოტიპული აღქმით, წარსულში ქალი ძირითადად მხოლოდ დედა, დიასახლისი ან მმართველის ცოლი იყო — თაყვანისცემის ობიექტი, მაგრამ არა გადაწყვეტილების მიმღები ან ბრძოლის ველზე მყოფი ფიგურა. მეორე მხრივ, ამ ქალის სამეფო სამარხი, საბრძოლო აღჭურვილობა და დნმ-ის ანალიზით დადასტურებული დამოუკიდებელი სოციალური სტატუსი აჩვენებს, რომ ის თავად იყო გავლენიანი პიროვნება. მან საკუთარი ადგილი სამეფო სასაფლაოზე არა ქორწინებით, არამედ ცხოვრებით დაიმსახურა.
მითები, რომ ქალი ბრძოლისგან მოშორებული იყო, თანდათან ინგრევა. უფრო მეტიც, ამ ეპოქის სხვა აღმოჩენებიც მიუთითებს იმაზე, რომ იარაღი, მუზარადები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ქალებთან არანაკლებ ხშირად იყო დაკავშირებული, ვიდრე კაცებთან. ეს ფუნდამენტურად ცვლის ისტორიკოსების დამოკიდებულებას გენდერული როლების მიმართ ძველ სამყაროში.
კომენტარები