არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის ბებიის დაბადების ადგილი აღმოაჩინეს

ფოტო: Cal Poly Humboldt's Cultural Resources Facility
ჩრდილოეთ მაკედონიაში არქეოლოგებმა დასახლების ნანგრევები აღმოაჩინეს, რომლებიც, შესაძლოა, ლინკესტის სამეფოს დედაქალაქ ლინკოსს ეკუთვნოდეს. ფილიპე II-ის მმართველობისას ლინკესტი ძველ მაკედონიას შეუერთდა და იქაა ადგილი, რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურასთან ასოცირდება.
საუბარია ევრიდიკე I-ზე, რომელიც ფილიპე II-ის დედა, ანუ ალექსანდრე მაკედონელის ბებია, იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, ის სწორედ ლინკოსიდანაა, ანუ თუ ახალი მიგნება დადასტურდება, ევრიდიკეს დაბადების ადგილის იდენტიფიცირება გახდება შესაძლებელი.
ჩრდილოეთ მაკედონიის სოფელ ცრნობუკთან არსებული ამ არეალის შესახებ მკვლევრებმა 1966 წლიდან იციან. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ეს სამხედრო ბაზა იყო და არა ქალაქი. ამის მიუხედავად, 2023 წელს ლიდარის ლაზერულმა ტექნოლოგიამ აკროპოლისი გამოავლინა, რომელიც სულ მცირე 2.8 ჰექტარზეა გადაჭიმული.
ეს მეთოდი მცენარეული საფარის ქვეშ არსებული არქეოლოგიური ზონის შესწავლისა და ტოპოგრაფიული რუკის შედგენის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით აღმოაჩინეს ტექსტილის სახელოსნოსა და სავარაუდო თეატრის კვალი. ასევე, მიაგნეს ისეთ არტეფაქტებს, როგორიცაა მონეტები, კერამიკა და თიხისგან დამზადებული თეატრის ბილეთი.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ აშენდა, ფილიპე V-ის მმართველობისას. ახალაღმოჩენილი მონეტები სხვა რამეზე მიანიშნებს — მათ ალექსანდრე მაკედონელის სიცოცხლეშივე იყენებდნენ, რადგან ისინი ძვ. წ. 325-323 წლით თარიღდება.
კერამიკული არტეფაქტები და იარაღები მიუთითებს, რომ ეს ადგილი ბრინჯაოს ხანიდან უკვე დასახლებული იყო. არქეოლოგები გათხრების გაგრძელებას აპირებენ და იმედოვნებენ, რომ ძლევამოსილი სამეფოს შესახებ მეტის გაგებას შეძლებენ.
"ძველი მაკედონია იყო ცივილიზაცია, რომელმაც სამყაროს გაგებასა და სხვადასხვა კულტურის დაკავშირების სურვილში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა", — აცხადებენ მკვლევრები.
კომენტარები