კოვიდიდან 3 წლის შემდეგ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები ჯერაც ჩაკეტილია
უკვე სამი წელია, რაც აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ სახმელეთო საზღვრები დახურა. საზღვრები დღესაც ჩაკეტილია. რას ნიშნავს ეს აზერბაიჯანელი ხალხისა და მთავრობისათვის?
შაჰინ ვალიევმა ცხოვრების ბოლო წლები სხვა ქვეყანაში, აზერბაიჯანში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე გაატარა. აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს, მედიის სათაურებში კორონავირუსის გამოჩენისთანავე დაკეტა.
აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი ნაწილი მეზობელ ქვეყნებში მუშაობს ან სწავლობს. ვალიევის მსგავსად, სახლში დაბრუნება პანდემიის დაწყების შემდეგ მათაც უჭირთ. ნაცვლად სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისა, ისინი სამშობლოში თვითმფრინავით უნდა დაბრუნდნენ.
22 წლის ვალიევი იმ 10 აზერბაიჯანელს შორის მოხვდა, რომლებიც თებერვლის თურქეთ-სირიის მიწისძვრის დროს დაიღუპნენ. მიწისძვრას ჯამურად თითქმის 60 000 მოქალაქე შეეწირა.
შაჰინის ოჯახს ფინანსურად 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ გაუჭირდა. განჯაში მათი სახლი სომხების თავდასხმისას დაინგრა და ოჯახი სახლის აღდგენამდე საცხოვრებლად ნათესავებთან გადავიდა.
შაჰინმა გადაწყვიტა, თურქეთის ინონუს უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტი შეესწავლა.
შაჰინი დღესასწაულებზე სახლში ვერ დაბრუნდა, რადგან თვითმფრინავის ბილეთი ძალიან ძვირი იყო. გადაწყდა, რომ სახლს და ოჯახს ზაფხულში მოინახულებდა.
შაჰინის დედა ამბობს, რომ ნორმალურ სიტუაციაში თურქეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჯერ აზერბაიჯანის დასავლეთით არსებულ ნახჭევანში ჩავიდოდა ავტობუსით, შემდეგ კი შიდა ფრენით აღმოჩნდებოდა ბაქოში — ეს ბევრად იაფი გზაა, ვიდრე თურქეთის აეროპორტიდან ბაქოში ჩაფრენა.
აზერბაიჯანში შაჰინის ბოლო ვიზიტი ოჯახს ₼1,000 ($600) დაუჯდა.
"საზღვრები იქამდე იქნება დაკეტილი, სადამდეც საჭიროა"
პანდემიის სამართავად აზერბაიჯანში წესები და რეგულაციები გამუდმებით იცვლებოდა, თუმცა საზღვრები ჩაკეტვის შემდეგ აღარც გახსნილა.
2022 წლის ივლისში პრეზიდენტ ალიევს ჰკითხეს, თუ როდის გაიხსნებოდა საზღვრები, მან კი თქვა, რომ საზღვრები იქამდე იქნება ჩაკეტილი, სანამ კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხე იარსებებს.
"როგორც წესი, დაავადებების უმეტესობა სახმელეთო საზღვრებით ვრცელდება. სწორედ ამიტომ არ ვხსნით საზღვრებს. გვინდა, ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ", — თქვა მან.
აზერბაიჯანის ეკონომიკა პანდემიამდეც არ იყო შესაშურ მდგომარეობაში. ბევრი აზერბაიჯანელი სამუშაოდ მეზობელ ქვეყნებში გადავიდა, უმეტესად რუსეთსა და თურქეთში. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბევრმა მათგანმა მოისურვა სახლში დაბრუნება, თუმცა ვერ შეძლო.
2020 წლის დასაწყისში ასობით ადამიანი ცდილობდა აზერბაიჯანში რუსეთის გავლით შესვლას, მაგრამ ისინი საზღვრიდან უკან გააბრუნეს და მოუწიათ, რამდენიმე თვით საზღვართან დაბანაკებულიყვნენ.
გაზახი, საქართველოს მოსაზღვრე ერთ-ერთი რეგიონი, 2020 წლამდე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გადაადგილებისთვის სავაჭრო და სატრანზიტო კვანძი იყო.
25 წლის ვალი ვალიევი იყო ერთ-ერთი იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც წლების განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში გადმოტანილი პროდუქტის გაყიდვით ირჩენდა თავს. ის საკუთარი სოფლის მაცხოვრებლების შეკვეთებს იწერდა (უმეტესად, საკვები და ჰიგიენის პროდუქტები), პროდუქტებს კი მცირე ფასნამატით ყიდდა.
"კარგად ვვაჭრობდით, როცა საზღვრები გახსნილი იყო. ვკვეთდით საზღვარს და ვყიდულობდით სიგარეტს, არაყს, საფენებს, ზეთს, სოსისებს, სარეცხ ფხვნილს და გაზახში ვყიდდით", — ამბობს ვალიევი, რომელიც ახლა ამ გზით ფულის შოვნას უკვე "შეუძლებლად" თვლის. საქართველოსთან სახმელეთო კავშირის გარეშე ამ საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია.
ვალიევი კარგად უძღვებოდა საქმეს: კვირაში ორჯერ-სამჯერ სტუმრობდა საქართველოს, ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე.
"როცა საზღვარი ღია იყო, სტუმრები ხშირად ჩამოდიოდნენ სხვა ქვეყნებიდან, რესტორნები, ტაქსები და მაღაზიები მუშაობდა და ხალხიც ერთმანეთს მხარს უჭერდა", — ეუბნება ის OC Media-ს.
მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვამ გაზახში კრიმინალის ზრდასაც შეუწყო ხელი, რადგან დასაქმების ალტერნატიული ფორმები მინიმუმამდე დავიდა.
"ქურდობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვა დანაშაულები წარმოუდგენლად გაიზარდა", — ამბობს ის. "როდესაც საზღვრები ღია იყო, რეგიონის მოსახლეობა ვაჭრობით იყო დაკავებული, ახლა კი საცხოვრებელ ფულს არალეგალურად შოულობენ".
ასევე გაზახში მყოფ 34 წლის ინტიგამ მამადოვს ოჯახის შესანახად სამსახურის პოვნა ძალიან უჭირს. ადრე ტაქსის მძღოლი იყო და თვეში ₼300–₼400-ს ($180–$240) გამოიმუშავებდა, მაგრამ სახმელეთო საზღვრის დახურვის შემდეგ მგზავრობაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ შემცირდა.
"ვის შემიძლია შევთავაზო ჩემი მომსახურება? გაზახში სამუშაო ადგილები თითქმის არ არის, მხოლოდ საზღვარს მიღმაა სამუშაო", — განუცხადა მან OC Media-ს.
"მანქანაც გავყიდე, რადგან საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ფული საერთოდ აღარ მქონდა. $1900-ად ნაყიდი მანქანა $1400-ად გავყიდე. როგორ ვარჩინო ოჯახი მხოლოდ ამ თანხით?".
არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერა და გაძვირებული ავიაბილეთები
ფარიდ მეჰრალიზადე, ბაქოში მცხოვრები ეკონომისტი და Agora Analytical Collective-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური კრიზისი სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვამაც გამოიწვია.
მეჰრალიზადემ OC Media-ს განუცხადა, რომ ყველაზე მეტად ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში სწავლობენ ან სამედიცინო დახმარებას იღებენ, ასევე ის აზერბაიჯანელები, რომელთა შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული.
"ახლა, როცა გზა ჩაკეტილია, ხალხი იძულებულია, ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლოს ან საერთოდ უარი თქვას ქვეყანაში ჩამოსვლაზე", — ამბობს ის, — "ამ ადამიანებს მეტი ფული ეხარჯებათ, რადგან უფრო ძვირი ტრანსპორტით უნდა ისარგებლონ".
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ავიახაზებს, ქვეყნის მთავარ ავიაკომპანიას საჰაერო გადაადგილებაზე მონოპოლია აქვს და რაკი ალტერნატიული გზები აღარ არსებობს, ტარიფები უზომოდ გაზრდილია.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სამირ რზაევმა თებერვალში დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზებმა პირველად ისტორიაში 2022 წელი მოგებით დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს სახელმწიფო მხარდაჭერას სთავაზობდა, მეჰრალიზადე ამბობს, რომ მცირე ვაჭრობით დაკავებული ადამიანები უმეტესად ოფიციალურად არც იყვნენ რეგისტრირებულნი. მისი თქმით, სახელმწიფო ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებას ხელს არ უწყობს და ბევრი ადამიანი ირჩევს, ბიზნესი არ დაარეგისტრიროს, რადგან ქვეყანაში კონკურენტული ბიზნესგარემო არ არსებობს.
პანდემია აზერბაიჯანში თითქმის აღარ არსებობს
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 საზღვრების დახურვის ოფიციალურ მიზეზად რჩება, ეს მტკიცება მრავალ ეჭვს იწვევს.
2023 წლის მაისში, რადგან მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.
მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო გავლით აზერბაიჯანში და უკან მგზავრობა შეჩერებულია, საჰაერო მგზავრობას შეზღუდვები აღარ ეხება.
"საჰაერო საზღვრები ახლა სრულიად ღიაა; კოვიდ-პასპორტის მოთხოვნაც მოხსნილია, მაგრამ სახმელეთო საზღვრები ჯერ კიდევ დაკეტილია", — განუცხადა OC Media-ს ექიმმა და ინფექციონისტმა მარდან ალიმ.
მისი თქმით, კოვიდ-19 აზერბაიჯანისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და ბოლო პერიოდში ვირუსის აფეთქება მხოლოდ ნოვრუზის წინა დღეს მოხდა: 7 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ დასვენების პერიოდში სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღეს.
"აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19-თან დაკავშირებული სახიფათო პერიოდი უკვე დასრულდა", — ამბობს მარდანი.
ივნისის ბოლოს მონაცემებით, აზერბაიჯანი უახლოეს მომავალში სახმელეთო საზღვრების გახსნას არ განიხილავს.
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ღიად ითხოვენ საზღვრის გახსნას; დეპუტატმა ვაჰიდ აჰმედოვმა განაცხადა, რომ ბაქომ საქართველოსთან საზღვარი მაინც უნდა გახსნას.
"კოვიდ-19-ის პანდემია აზერბაიჯანში პრაქტიკულად აღარ არსებობს. ძალიან ბევრი მოთხოვნაა ამ საკითხთან დაკავშირებით", — განუცხადა დეპუტატმა OC Media-ს აპრილში.
OC Media-მ ჰკითხა აჰმადოვს, სჯეროდა თუ არა, რომ საზღვრები მხოლოდ პანდემიის გამო იყო დაკეტილი და არა უსაფრთხოების მიზეზების გამო, რადგან აზერბაიჯანს ირანთან და სომხეთთან ისევ მწვავე ურთიერთობა აქვს. მან თქვა, რომ "საფრთხე ნამდვილად არსებობს და სახელმწიფო ამ სიტუაციების თავიდან ასაცილებლად მუშაობს".
"აქ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც დგას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხედავთ, რამდენად დიდი დაძაბულობაა აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებში ბოლო დროს", - განაცხადა მან.
"ეს პრობლემა საზღვრების არგახსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები