ფილადელფიის ზოოპარკში მცხოვრები კუ დედა 100 წლამდე ასაკში პირველად გახდა. ის დასავლეთ სანტა-კრუსის გალაპაგოსის კუების ქვესახეობას მიეკუთვნება, რომელიც გადაშენების პირასაა.

დაწესებულებამ მისი ზუსტი ასაკი არ იცის, თუმცა ეს ქვეწარმავალი იქ უკვე 92 წელია, ცხოვრობს. ახალბედა მშობელს მამი (Mommy, ინგ. "დედა") ჰქვია. კუნძულ გალაპაგოსზე მათი პოპულაცია სულ უფრო მცირდება, აშშ-ის ზოოპარკებში კი 50-ზე ნაკლებ მსგავს ცხოველს უვლიან. თავად ფილადელფიის ზოოპარკში აცხადებენ, რომ არსებობის 150-ზე მეტ წელში ამ სახეობის კუები იქ პირველად გამოიჩეკნენ.

"ფილადელფიის ზოოპარკისთვის ეს ისტორიული მომენტია. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ქალაქისთვის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის აღნიშნული სიახლის გაზიარების საშუალება მოგვეცა. მამი ზოოპარკში 1932 წელს მოიყვანეს, ანუ ვინც დაწესებულებას ბოლო 92 წლის განმავლობაში სწვევია, ის ნანახი ეყოლება", — წერია განცხადებაში.

მამის ნაშიერი.

ფოტო: Philadelphia Zoo

გალაპაგოსის კუები, რომელთა ქვესახეობასაც მამი წარმოადგენს, ყველაზე დიდები არიან. მამრების ზომა 1.8 მეტრს აღწევს, წონა კი დაახლოებით 260 კილოგრამს უტოლდება. მდედრები, როგორც წესი, ოდნავ პატარები არიან. ამ ქვეწარმავალთა პოპულაციების შემცირებას ადამიანის საქმიანობამ შეუწყო ხელი და სანტა-კრუსის ქვესახეობაც გადაშენების პირას მიიყვანა. მათ ხორცს საკვებად იყენებდნენ და საცხოვრებელ არეალს უნადგურებდნენ. ასევე, კუნძულზე ინვაზიური ცხოველები შეჰყავდათ, რომლებიც კუებსა და მათ კვერცხებს ჭამდნენ. ამან უმძიმესი შედეგი მოიტანა.

აშშ-ის ზოოპარკები სახეობის გადარჩენის პროგრამაშია ჩართული, რაც კუების გამრავლებას ითვალისწინებს. მამის პარტნიორი აბრაცოა, რომელიც მის მსგავსად 100 წლამდე ასაკისაა. ის ფილადელფიის ზოოპარკში 2020 წლიდან ცხოვრობს, მანამდე კი კაროლინაში იმყოფებოდა.

ხანდაზმულობას არცერთი მშობლისთვის შეუშლია ხელი, რადგან ეს არსებები გამრავლების უნარს საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ. გასული წლის ნოემბერში მამიმ 16 კვერცხი დადო, რომლებიც სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს. საინტერესოა, რომ ნაშიერების სქესი იმ ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რომელშიც კვერცხებია. მაგალითად, 28°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მამრები იჩეკებიან, 29.5°C-ზე ზემოთ კი — მდედრები. სწორედ ამიტომ, ზოოპარკის თანამშრომლებმა კვერცხები ორად გაჰყვეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მდედრი კუები გამოიჩეკნენ.

პოპულაციის ზრდა სანტა-კრუსის ქვესახეობისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს გენეტიკურ მრავალფეროვნებას ქმნის და მათ გადარჩენის მეტ შანსს აძლევს. ეს იმედისმომცემია სხვა ზოოპარკებისთვისაც, რომლებშიც გალაპაგოსის კუები ცხოვრობენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.