ნახეთ: როგორ გამოიყურებოდა ქვის ხანის ციმბირელი მეომარი — 3D რეკონსტრუქცია

ფოტო: North-Eastern Federal University
დღემდე მოღწეული ჩონჩხების სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია ერთგვარად დროში გვამოგზაურებს, რადგან ამ ადამიანთა გარეგნობას გვიჩვენებს. ამის დასტური გვიანდელ ქვის ხანაში მცხოვრები ციმბირელი მეომრის 3D მოდელია, რომელიც ინდივიდის საბრძოლო აღჭურვილობასაც მოიცავს.
მის სამარხს 2004 წელს ქალაქ იაკუტსკის აღმოსავლეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში მიაკვლიეს. ჩონჩხი ზედაპირთან საკმაოდ ახლოს იყო და მის მახლობლად ისრის რამდენიმე თავსაც მიაგნეს. აქედან დაასკვნეს, რომ იქ ძველად მშვილდიც უნდა ყოფილიყო, რომელმაც დღემდე ვერ მოაღწია. აღმოაჩინეს ცხოველის ძვლებისგან დამზადებული "ფილებიც", რომელთა ერთობლიობაც დიდი ზომის ფარს ქმნიდა. რადიონახშირბადული დათარიღებით დადგინდა, რომ სამარხი დაახლოებით 4000 წლის წინანდელია.
მეცნიერებმა რეკონსტრუქციაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყეს, საბოლოო შედეგი კი ახლახან ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინა.
ნაშთების შესწავლით გაირკვა, რომ კაცი დაახლოებით 165 სანტიმეტრი სიმაღლის იყო და ის 40-50 წლისა მოკვდა — ქვის ხანის ადამიანისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია. თავის ქალის ფორმის მიხედვით, ეთნიკურად ის იმავე ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელსაც ციმბირის არქტიკული რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა. ძვლებზე არსებული შეხორცებული ჭრილობების კვალი კი მიუთითებს, რომ ეს მეომარი საკმაოდ აქტიურად იბრძოდა.
მისი გარეგნობის აღსადგენად სპეციალისტებმა თავის ქალა და ფოტოტომოგრაფიული მონაცემები გამოიყენეს, ანუ 3D მოდელი სხვადასხვა ციფრული გამოსახულების გაერთიანებით შექმნეს. სახის დეტალების რეკონსტრუქციისთვის მათ საბჭოთა ანთროპოლოგ მიხეილ გერასიმოვის ტექნიკას მიმართეს.
აღადგინეს ფარიც, რომლის შემადგენელი "ფილები", სავარაუდოდ, ალტაის ირემს ეკუთვნის. ეს ძვლები ტყავის ბაზაზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული. საინტერესოა, რომ რამდენიმე ადგილას ისრის თავის ფრაგმენტები იყო ჩარჩენილი. ეს მიანიშნებს, რომ ფარი მეომარს ბრძოლის დროს იცავდა.
ეს კაცი ე.წ. იმიიახტახის კულტურის წარმომადგენელია, რომლის განსხვავებული კერამიკული თუ სხვა სახის არტეფაქტები მთელ რეგიონშია მიკვლეული. მეომარი მომთაბარე მონადირე-შემგროვებლების პოპულაციას მიეკუთვნებოდა, რომელიც განვითარებულ იარაღებსა და მასალებს იყენებდა.
თავად სამარხი დღემდე განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი. იქ მეორე ადამიანის ჩონჩხის ნაწილებსაც მიაგნეს, რაც, შესაძლოა, მსხვერპლად შეწირვის დასტური იყოს. არ გამორიცხავენ, რომ რიტუალს კანიბალისტური პრაქტიკაც ახლდა თან, რაზე მინიშნებაც ციმბირის სხვა არეალებშია აღმოჩენილი.
კომენტარები