დახოცილი თანამოძმეების დანახვისას ბუზები უფრო სწრაფად ბერდებიან — რა ხდება
აღმოჩნდა, რომ დროზოფილები (Drosophila melanogaster) სხვა მკვდარი ბუზების დანახვისას უფრო სწრაფად ბერდებიან.
დაბერება კომპლექსური პროცესია, რომელზეც გენეტიკა და გარემო ფაქტორები განსაზღვრავს. ცნობილია, რომ ამაზე გავლენა აღქმასთან დაკავშირებულ პროცესებსაც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მექანიზმი უმეტესად შეუსწავლელია.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ბუზებში სიკვდილის აღქმასა და დაბერებას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ დროზოფილები (Drosophila melanogaster) სხვა მკვდარი ბუზების დანახვისას უფრო სწრაფად ბერდებიან.
მწერების ნეირონული წრეების შესწავლა შეიძლება ჩვენთვის სპეციალური თერაპიების შემუშავებაში დაგვეხმაროს, რათა დაბერება შევანელოთ. მიგნებებმა, შესაძლოა, იმაზეც მოგვცეს ინფორმაცია, თუ რა გავლენა აქვს აღქმას ჩვენს ფიზიოლოგიაზე.
კვლევით დადგინდა, რომ ბუზებში მკვდარი თანამოძმეების დანახვისას ტვინის კონკრეტული უჯრედები — R2 და R4 ნეირონები — აქტიურდება, ეს კი დაბერებას აჩქარებს.
როდესაც ბუზებს მკვდარი დროზოფილები აჩვენეს, მათმა ტვინის აქტივობამ იმატა. თავად დაბერების დაჩქარება სეროტონინის რეცეპტორებზეა დამოკიდებული. ზემოხსენებული ნეირონები ერთგვარი რეოსტატის ფუნქციას ითავსებს და დახოცილი ბუზების შესახებ სენსორულ ინფორმაციას აგზავნის, შედეგად კი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ზემოქმედებს.
საგულისხმოა, რომ ბუზების სიცოცხლის ხანგრძლივობა R2 და R4 ნეირონების ხელოვნურად გააქტიურებითაც კი შემცირდა, სიკვდილის აღქმის გარეშე. ამ პროცესს კონკრეტული ცილები და ინსულინის მაგვარი პეპტიდები არეგულირებს.
თუკი გავიგებთ, რა გავლენა აქვს სიკვდილის ყურებას სხვა სახეობების ფიზიოლოგიაზე, შეიძლება სამომავლოდ ადამიანების დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებებიც შევქმნათ. ეს განსაკუთრებით ისეთი სტრესული პროფესიების მქონე ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომელთაც სიკვდილის ხილვა ხშირად უწევთ.
კვლევა გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები