ვინ იყო ფსიქიატრი, რომელმაც სიფილისს მალარიით უმკურნალა და ნობელის პრემია მოიპოვა
ნობელის პრემია მსოფლიოში ყველაზე საპატიო პრიზად ითვლება, თუმცა ისტორიის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ღირებული პრემია, ზოგიერთის აზრით, მოიპოვა "ბარბაროსულმა" და შემდგომში უკვე უარყოფილმა კვლევებმა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გახლავთ 1927 წელს ფიზიოლოგიას ან მედიცინის დარგში გაცემული პრემია, რომლის ლაურეატიც გახდა ავსტრიელი ფსიქიატრი იულიუს ვაგნერ-იაურეგი, რომელმაც გვიანი სტადიის სიფილისის მქონე პაციენტებს მალარიით დაინფიცირებით უმკურნალა.
როდესაც ვაგნერ-იაურეგი 1880 წელს 23 წლის ასაკში ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ექიმად კვალიფიცირდა, ის თავდაპირველად შინაგანი მედიცინის პრაქტიკას სწავლობდა. თუმცა შემდეგ კოლეგებისა და მენტორების რჩევით, ფსიქიატრიის მიმართულებით დაიწყო მოღვაწეობა. უფრო ჩაუღრმავდა რა დისციპლინას, იგი ცდილობდა, აერიდებინა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური გავლენა. მისი აზრით, რამდენადაც ტვინი სხეულის ნაწილია, ამდენად, ნევროზს, სავარაუდოდ, ბიოლოგიური წარმოშობა უნდა ჰქონოდა.
"საუკუნის დაავადება"
1883 წელს, როგორც ახალგაზრდა ექიმი თავის პირველ ფსიქიატრიულ პოზიციაზე, ვაგნერ-იაურეგი შეესწრო უცნაურ შემთხვევას: მძიმე ფსიქოზით დაავადებულმა ქალმა დაიწყო საღად აზროვნება მას შემდეგ, რაც ხანმოკლე ბაქტერიულმა ინფექციამ მასში მაღალი სიცხე გამოიწვია. შემდეგ კი იგი წააწყდა რუსი ფსიქიატრის, ალექსანდრე სამოილოვიჩ როზენბლუმის, 1876 წლის ბუნდოვან ნაშრომს, რომელიც ფსიქოზურ პაციენტებს აინფიცირებდა სიცხის გამომწვევი დაავადებებით და ახერხებდა მათ განკურნებას შემთხვევების ნახევარში.
1917 წელს, სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, დააკვირდა რა ცხელებას, რომელიც აშკარად კურნავდა ფსიქოზს, ვაგნერ-იაურეგმა დაიწყო ამ საკითხის მეცნიერული შესწავლა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაც მაშინ ცნობილი იყო, როგორც "საუკუნის დაავადება": გვიანი სტადიის სიფილისი. იმ დროს სიფილისი, რომელიც გამოწვეული იყო ბაქტერია Treponema pallidum-ით, ძირითადად, დამღუპველი იყო. პირველი თანამედროვე ანტიმიკრობული საშუალება, სახელად სალვარსანი, რამდენიმე წლით ადრე აღმოაჩინეს, მაგრამ ის არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც, მაგალითად, დღევანდელი ანტიბიოტიკებია.
სიფილისით დაინფიცირებიდან წლების შემდეგ, T. pallidum-ს შეუძლია თავის ტვინში შეაღწიოს და გამოიწვიოს ფსიქიკური გაუარესება, პიროვნული ცვლილებები, ბოდვები, კრუნჩხვები, დემენცია და, საბოლოოდ, სიკვდილი. თავის ტვინში სიფილისის ინფექცია, დაახლოებით, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში, ფაქტობრივად, შეურაცხადებად აქცევდა ადამიანებს, შემდეგ კი იწვევდა მათ სიკვდილს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ის, რაც ვაგნერ-იაურეგმა მაშინ გააკეთა, შეიძლება დღეს ჩვენთვის უცნაურად აღიქმებოდეს, იმ დროისათვის ეს ლოგიკური აქტი იყო. მან აიღო პარაზიტი Plasmodium vivax-ით (რომელიც ნაკლებად საშიშია, ვიდრე P. falciparum) გამოწვეული მალარიით ინფიცირებული პირების სისხლი და შეიყვანა ის გვიანი სტადიის სიფილისით დაავადებული პაციენტების ორგანიზმში.
მან ასეთი ასობით პროცედურა ჩაატარა, რაც ინდივიდებში იწვევდა მალარიული ცხელებას (40,6°C), ვიდრე ექიმი მათ ანტიმალარიული ქინაქინით უმკურნალებდა. მან გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ მაღალი სიცხე განკურნავდა სიფილისს და, როგორც ჩანს, ის მართალი აღმოჩნდა. სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა კლავს ბაქტერიებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი პაციენტი დაიღუპა, ძირითადად, სიფილისით, მაგრამ ზოგიერთი მალარიით, მეოთხედი გამოჯანმრთელდა. თავის ტვინის გვიანი სტადიის სიფილისი უკვე აღარ იყო სასიკვდილო განაჩენი.
"საგმირო საქმე"
თავდაპირველად, სხვა მეცნიერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, როდესაც ვაგნერ-იაურეგმა გამოაქვეყნა თავისი შედეგები. მაგრამ ეს პრაქტიკა მალევე გავრცელდა ინსტიტუტებში მთელს მსოფლიოში. იმდენი მკვლევარი ცდილობდა მისი შედეგების გამეორებას, რომ 1926 წლისთვის საკმარისი კვლევები იყო სისტემატური მიმოხილვისთვის. მან აჩვენა, რომ გვიანი სტადიის სიფილისის მალარიით მკურნალობამ გამოიწვია სრული რემისია 27.5%-ში, ნაწილობრივი რემისია 26.5%-ში და სიკვდილი ან მდგომარეობის შენარჩუნება 46%-ში. მკვლევრები და მწერლები ამ მკურნალობას უწოდებდნენ "საგმირო საქმეს", "მკურნალობის მკაფიო წინსვლას", "უიმედო დაავადების მკურნალობის სწორ გზას", "საუკეთესო მკურნალობას" და ა.შ.
და, აი, ამგვარად, 1927 წელს ვაგნერ-იაურეგს მიენიჭა ნობელის პრემია მედიცინაში. მალარიოთერაპია, რომელიც მან წამოიწყო, როზენბლუმის ადრინდელ ნაშრომზე დაყრდნობით, გამოიყენებოდა მანამ, სანამ ძალიან ეფექტური ანტიბიოტიკი, პენიცილინი, არ გავრცელდებოდა მე-20 საუკუნის შუა წლებში.
ფაქტი, რომ ვაგნერ-იაურეგი დღეს ასე ნაკლებად არის ცნობილი, იმის დამსახურებაა, რომ ანტიბიოტიკებმა მალარიოთერაპია სრულიად მოძველებულ და "უცნაურ" პრაქტიკად აქცია. კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ სიბერეში, იგი გახდა ნაცისტური მოძრაობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩაერთო ევგენიკის კვლევაში, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის იმედგაცრუებული დარჩა პარტიით, როდესაც წევრებმა დაიწყეს მენტალურად დაავადებული ადამიანების მოსპობის ადვოკატირება. მიუხედავად ამისა, ვაგნერ-იაურეგის რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა, რის გამოც ჩვენ დღეს ვიხსენებთ სიფილისის მალარიით მკურნალობის მის მემკვიდრეობას, როგორც უბრალო ისტორიულ გატაცებას და არა როგორც მზრუნველი ექიმის "საგმირო საქმეს".
კომენტარები