ფრთხილად, გენოტოქსიკურია! — ეს ხელოვნური დამატკბობელი დნმ-ს აზიანებს
ახალი კვლევის მიხედვით, გავრცელებული ხელოვნური დამატკბობელი სუკრალოზა გენოტოქსიკურია, რაც ნიშნავს, რომ ის დნმ-ს აზიანებს. ორგანიზმის მიერ შაქრის ამ შემცვლელის გადამუშავებისას ნაერთი სუკრალოზა-6-აცეტატი გამოიყოფა და უარყოფითი ეფექტი სწორედ მას მიეწერება.
ეს პროდუქტი Splenda-ს ბრენდის სახელით იყიდება. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სახიფათო ნაერთი მასში გარკვეული რაოდენობით სხეულში მოხვედრამდეც არსებობს. ევროპის საკვების უსაფრთხოების სააგენტოში გენოტოქსიკურ ნივთიერებათა დღიური ნორმის ზედა ზღვრად 0.15 მიკროგრამია მიჩნეული, თუმცა სუკლაროზა ამ მიჯნას მნიშვნელოვნად სცდება როგორც პირვანდელი სახით, ასევე გადამუშავების შემდეგ, მეტაბოლიტების წარმოქმნისას.
მეცნიერებმა ამის დასადგენად ლაბორატორიაში ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ შორის, გამოცადეს, რა გავლენა აქვს სუკრალოზა-6-აცეტატს ადამიანის სისხლზე და დაასკვნეს, რომ ის მის უჯრედებში არსებულ დნმ-ს ანადგურებს. ასევე, ამ ნაერთს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენი ნაწლავების შიდა ეპითელურ ქსოვილზე, რადგან ასეთი საფარველის კედლებში უჯრედთა მჭიდრო კავშირს ასუსტებს. ამის შედეგად შესაძლოა, ფეკალიებში მოსახვედრმა ნივთიერებებმა სისხლში გაჟონოს.
ნაწლავების სუკრალოზა-6-აცეტატთან ურთიერთქმედება ააქტიურებს ოქსიდაციურ პროცესებსაც ისევე, როგორც ანთებასა და კანცეროგენურობას. ჩამოთვლილი პრობლემები სუკრალოზას ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველად აქცევს, ამიტომ მეცნიერები მარეგულირებელი ორგანოების მიერ მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ შეფასებას ითხოვენ.
ავტორები გვირჩევენ, რომ ამ ხელოვნურ დამატკბობელს მოვერიდოთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Toxicology and Environmental Health გამოქვეყნდა.
კომენტარები