ტვინის ფორმას შესაძლოა, ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებზე ჰქონდეს გავლენა — კვლევა
ავსტრალიელი მეცნიერების ახალი კვლევა მიუთითებს, რომ შესაძლოა, ტვინის ფორმას ჩვენს ფიქრებსა თუ ქცევებზე იმაზე სერიოზული გავლენა ჰქონდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა, ნეირონულ კავშირებზე მეტიც კი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანოს ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანესი როლის მქონედ სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა.
სპეციალისტებმა 225 ადამიანის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულებისას მათ ტვინზე გადაღებული მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებები შეისწავლეს. დამატებით გააანალიზეს ტვინის აქტივობის მონაცემები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული 1 000-ზე მეტი ექსპერიმენტის შედეგად შეგროვდა.
მათ, ასევე, შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რათა დაედგინათ, რა გავლენა აქვს ტვინის ფორმას იქ წარმოქმნილ სიგნალებზე, ანუ საერთო აქტივობაზე. ეს მოდელი მათ ტრადიციულს შეადარეს, რომელიც ნეირონულ კავშირებს ეფუძნება. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პირველმა მათგანმა ჩვენი სხეულის ამ უმთავრესი ორგანოს აქტიურობის უკეთესი რეპრეზენტაცია შემოგვთავაზა.
ავტორები ასკვნიან, რომ როგორც კენჭებით იქმნება ტბორში წყლის ჭავლი, ისე განსაზღვრავს ტვინის აქტივობას მისი ფორმა და ზომა. ეს ჰიპოთეზა უკვე 1 დეკადაზე მეტია, არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ნეირონთა ურთიერთკავშირზე დაფუძნებული მოდელი მაინც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კვლევა მის როლს სულაც არ უგულებელყოფს.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები