ქართული მარტექ ფესტივალის ვიდეორგოლი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა – როგორ
9 ივნისს საქართველოში პირველი მარტექ ფესტივალი — Touch.point გაიმართება და ის მარკეტერებსა თუ ტექნოლოგიური სფეროს ენთუზიასტებს მოუყრის თავს. ღონისძიებაზე გვექნება შესაძლებლობა ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს მოვუსმინოთ, როგორიცა: Google, TikTok, Meta, Nike და ა.შ.
ფესტივალის ორგანიზატორ Touch Platform-ს საქართველოში ტექნოლოგიური ღონისძიების (Touch) გამართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ცოტა ხნის წინ პლატფორმამ ფეისბუქზე Touch.point-ის ანონსი გაავრცელა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ 3D პერსონაჟს ვხვდებით. ღონისძიების ორგანიზატორ ბექა ქვარცხავასთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ვიდეორგოლი ბექამ თვითონ, ნულოვანი დანახარჯით შექმნა, პროცესში კი მხოლოდ iPhone-ით გადაღებული კადრები, ხელოვნური ინტელექტი და ვიდეომონტაჟის უნარი დაეხმარა.
"სულ ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი ვებზე არსებულ სტუდიას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ვიდეოში, სადაც ადამიანია, 3D პერსონაჟის ინტეგრირება. სწორედ ამან გამოიწვია გადაწყვეტილება, ანონსის ვიდეოში გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა. კადრები მობილური ტელეფონით გადავიღე, შემდეგ ეს მასალა დავამონტაჟე და შესაბამისი კადრები, ცალ-ცალკე, AI ხელსაწყოს მივეცი. ატვირთულ ფაილებში მან ამოიცნო ადამინის ფიზიკა, გააანალიზა მოძრაობები და ჩემ მიერ შერჩეული 3D მოდელი მოარგო. თაიმლაინზე არსებული კადრები AI-ს მიერ დარენდერებული კადრებით ჩავანაცვლე. გავაფერადე, დავადე ტიტრები და საბოლოო ქათი დავარენდერე", — ამბობს ბექა ქვარცხავა.
ვიდეოებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, 3D პერსონაჟების ინტეგრირების მარტივ გზაზე რამდენიმე თვის წინ მოგიყევით. ვებსტუდია, რომელსაც ბექა ახსენებს, სტარტაპ Wonder Dynamics-ის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელსაც Wonder Studio ჰქვია. გუნდს შემუშავებული აქვს პლატფორმა, რომელიც CG პერსონაჟების შექმნას ერთი ხელის მოსმით, უმარტივესად ხდის შესაძლებელს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ვიდეო/ფილმი უკვე გადაიღეთ და ვიდეოში მონაწილე ადამიანი გინდათ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შეცვალოთ — აქციოთ რობოტად, უცხოპლანეტელად, კონკრეტულ ცხოველად ან თქვენ მიერ უკვე შექმნილ 3D პერსონაჟად.
წაიკითხეთ ვრცლად: კომპიუტერული გრაფიკა ერთი ხელის მოსმით — AI სტარტაპი VFX სტუდიის ბრაუზერში გადატანას გეგმავს
Touch-ისა თუ Touch.point-ის ორგანიზების მიღმა, ბექა ქვარცხავას საქმიანობა, ბოლო 5 წელია, ვიდეო პროექტების კრეატიულ დირექტორობასაც მოიცავს. როგორც ბექა ამბობს, ცდილობს სარეკლამო რგოლებში ციფრული ქცევის ელემენტები შეტანას და თავიდანვე ითვალისწინებს საკომუნიკაციო “ასეტებს”, გამომდინარე სარეკლამო არხებიდან და ეკრანებიდან. შესაბამისად, მის მიერ, Touch.point-ის ანონსის შექმნა ვიდეოკონტენტზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, ბექა ამბობს, რომ პროგრამის გამოყენებას დიდი ცოდნა არ სჭირდება. ის "მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა, ირჩევ ვიდეოს, აღმოაჩენს ვიდეოში ადამიანის ფიზიკას, პერსონაჟისთვის ირჩევ 3D მოდელს და არენდერებ".
თუ კონტენტ კრეატორი, მარკეტერი, ვიდეოგრაფი, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, ან უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, ბექა ქვარცხავა გირჩევთ, პროგრამის გამოყენება სცადოთ:
"ადამიანი ცნობისმოყვარე საპიენსია, ის მუდამ ისწრაფვის განვითარებისკენ, ყოველთვის სურს გამოცადოს ახალი და აღმოაჩინოს ის, რაც არავის არასდროს აღმოუჩენია. შესაძლებლობები, გამოგეხატა შენი სათქმელი, სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო, არის და დღევანდელი ტექნნოლოგიური გადმოსახედიდან, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება. სწორდ ამიტომ, თუ ჩვენს ფანტაზიას სურს შემოქმედებითად ამბების თხრობა, მას უნდა მივცეთ ყველა შესაძლებლობა ამის განსახორციელებლად. სცადეთ".
ფესტივალ Touch.point-ის მთავარი თემებია: მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი, მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები, ბრენდი და კულტურა, მომხმარებლის ქცევა, ციფრული ქონთენთი და "სთორითელინგი" და მარკეტინგი მეტავერსში. ამის მიღმა, ღონისძიებაზე, ხელოვნური ინტელექტის კუთხით, უახლესი ტენდენციების გაცნობას შევძლებთ. როგორც ორგანიზატორი გვიყვება, ღონისძიების დამსწრეებს ახალი AI ხელსაწყოების გამოცდის შესაძლებლობა გვექნება:
"დაგეგმილი გვაქვს AI Alley-ს მოწყობა, სადაც ახალი ხელსაწყოების გამოცდის შესასძლებლობა იქნება. იქნება ბრიფები და მის ამოსასხსნელად მონაწილეები გამოიყენებენ ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა: Adobe Firefly, ChatGPT, Copy.AI, Jasper.AI, Midjourney და ა.შ. ბოლო პერიოდში უამრავი, ვებ თუ მობაილ ინტერფეისი გამოჩნდა, რომელიც უამრავი მიიმართულებით ახალ და საინტერესოო შესაძლებლობებს იძლევა, ვფიქრობ დროა "პრომპტების" წერა ვისწავლოთ".
Touch.point წელს პირველად იმართება, თუმცა გუნდს საქართველოში მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში პირველი მარტექ ფესტივალი ცდილობს, ბიზნესებს ახალ ციფრულ რეალობებში, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, ახალი გამოწვევების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებაში დაეხმაროს.
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეა ქართული ტექნოლოგიური თუ მარკეტინგული ინდუსტრიისთვის და მისი განვითარებისთვის. ღონისძიებები, სადაც საერთაშორისო გამოცდილება ზიარდება და სფეროში ჩართული კომპანიები თუ ენთუზიასტები იყრიან თავს, ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ინდუსტრიების განვითარებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიმოცვლისა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების ადგილი.
"მარკეტინგი აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერი ბიზნესისთვის, ვფიქრობთ ქართული ბიზნესებისთვის უმჯობესია ტექნოლოგიურ სიახლეებს თავიდანვე აუწყონ ფეხი და მეტიც, გარკვეულ ასპექტებში პიონერებიც გახდნენ. დღეს არსებული გარღვევები მეტი არაფერია, ვიდრე სიახლეების სურვილით შეპყრობილი ენთუზიასტების ნამუშევრები, რომლებიც ქმნიან და ნერგავენ უამრავ საინტერესო გადაწყვეტას. დღევანდელ სამყაროში აუცილებელია მარკეტინგის ავტომატიზაცია, მომხმარებლების გამოცდილების ანალიზი, ციფრულ რეალობაში ბრენდის არსებობა და მეტიც, მარკეტინგი მეტავერსში", — ამბობს ბექა ქვარცხავა.
სწორედ ამ საკითხების განხილვას გეგმავენ ღონისძიებაზე. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ Touch.point იქცევა მარტექ ინდუსტრიის შეხვედრისა და განვითარების ადგილად, როგორც ეს ღონისძიება Touch-ის შემთხვევაში მოხდა.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი რუსთაველის თეატრის სცენაზე — 7 მთავარი ამბავი Touch სამიტიდან
ფესტივალის სპიკერებს აქ გაეცნობით, ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი, Touch.point-ის შეხვედრის წერტილი კი 9 ივნისს, თბილისში, ფაბრიკაში მოინიშნება.
კომენტარები