რატომ არ აქვს სამყაროს ცენტრი — რას ამბობს მეცნიერება
დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, დიდი აფეთქებით დაიწყო. თუმცა, არასწორია ამ მოვლენის კლასიკურ აფეთქებად წარმოდგენა. ფაქტობრივი მოვლენა არაფერში არ აფეთქდა. რეალურად, სივრცე და დრო სამყაროს დაწყებისთანავე შეიქმნა.
აფეთქების კლასიკური გაგება გვაფიქრებინებს, რომ ის ერთ კონკრეტულ წერტილში დაიწყო — მაგრამ, ეს ასე არ არის.
ჩვენი სამყაროს მასშტაბით, დიდი აფეთქება ყველგან მოხდა. თქვენს მარჯვნივ და მარცხნივაც. ჩრდილოეთ კაროლინაში და ანდრომედას გალაქტიკაშიც. როდესაც ასტრონომები ამბობენ "ყველგან", ისინი ზუსტად ამას გულისხმობენ.
როგორ? ეს იმიტომ, რომ არ არსებობდა კონკრეტული წერტილი, საიდანაც ის დაიწყო. იმ მომენტისთვის სამყაროში ყველა მანძილი იყო ნულის ტოლი, ასე რომ, სამყაროს ყველა წერტილი იყო ერთსა და იმავე ადგილას: ყველგან.
არ დაგაკმაყოფილათ პასუხმა? მაშინ განვავრცოთ:
ხილული სამყარო დაახლოებით 94 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ეს არის ყველაფერი, რასაც ვხედავთ. იმას რასაც ჩვენ ვხედავთ, კოსმოლოგების მიერ განსაზღვრული ორი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს: ის არის იზოტროპული და ერთგვაროვანი. იზოტროპული ნიშნავს, რომ ის ერთნაირად გამოიყურება ნებისმიერ მიმართულებაში, რომელსაც უყურებთ და ერთგვაროვანი ნიშნავს, რომ უდიდესი მასშტაბებით ყველგან ერთნაირია.
ეს ფაქტები ცოტას გვეუბნება მთლიან სამყაროს შესახებ, რომელიც გაცილებით დიდია ვიდრე ხილული ნაწილი. ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად დიდია ან როგორია მთელი სამყარო, ამიტომ სამყაროს ჩვენი ნაწილი შეიძლება იყოს განსაკუთრებული ან უბრალოდ მთლიანის ნაწილი, არაფრით განსხვავებული.
უსასრულობისკენ და იმის იქით
ყველაზე მარტივი სცენარი არის ის, რომ სამყარო უსასრულოა. რაღაცას, რაც უსასრულოა, არ აქვს ცენტრი. პრიმატის ჩვენი პატარა ტვინი არ განვითარებულა უსასრულობის კონცეფციის ვიზუალიზაციისთვის, მაგრამ თუ რაღაც სამუდამოდ გრძელდება, შეგვიძლია დავუშვათ, რომ არ არსებობს სპეციალური შუა წერტილი.
თუმცა, სამყაროს უსასრულობაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით. სამყაროსთან ინტერაქციის ჩვენებური გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ რაღაც სასრული ზომისაა, მაშინ არის ცენტრიც. და მაინც, სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილება არ ითარგმნება სამყაროს მთლიანობაში, რადგან გეომეტრია, რომელიც ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, არ არის სასრული სამყაროს გეომეტრია. ჩვენ გვიწევს გამრუდების ცნებასთან გამკლავება და კიდევ ერთხელ, ჩვენი ტვინი არ არის აგებული იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გამრუდებას სამ განზომილებაში.
უფრო მარტივი (მაგრამ არასრულყოფილი) ანალოგია: "თუ თქვენ დაფიქრდებით სფეროს ზედაპირზე, მას არ აქვს ცენტრი. სფეროს ცენტრი ამ სივრცის გარეთაა, არა? ის ზედაპირზე არაა. შეიძლება სამყაროს შემთხვევაშიც ასე იყოს, მაგრამ ამის სამყაროზე გადმოტანა რთულია", — განუცხადა IFLScience-ს პროფესორმა პიტერ კოულსმა, მეინუტის უნივერსიტეტის თეორიულმა ფიზიკოსმა.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი იქამდე დადის, რომ სამყაროს არ აქვს ცენტრი. ფიზიკა, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია აღქმა, მუშაობს ოთხგანზომილებიან სივრცე-დროის კონტინუმში. უფრო მეტი განზომილებით რომ შევხედოთ, მრუდი შეიძლება მიუთითებდეს ცენტრალურ პოზიციაზე. თუმცა, ის რომც არსებობდეს, ის არ არის ჩვენი აღქმის ფარგლებში.
შესაბამისად, ჩვენი აღქმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი აფეთქებ მოხდა ერთდროულად და ერთ მომენტში. და დიახ, ამ დროს სამყარო ნულიდან დაიწყო და შემდეგ ერთი წერტილი იყო. სამყარო არ დაწყებულა კონკრეტული წერტილიდან, რომელიც ახლა ყველფარის ცენტრი იქნებოდა.
კომენტარები