შესაძლოა, ანტარქტიდიდან მომავალი გიგანტური ცუნამი გვემუქრებოდეს
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა, ანტარქტიდის წყალქვეშა მეწყერმა სამხრეთის ოკეანეში გიგანტური ცუნამი წარმოქმნას.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავსი რამ ამ რეგიონში 3 და 15 მილიონი წლის წინ, გლობალური დათბობის პერიოდებშიც მოხდა, რაც იმდროინდელი დანალექი ქანების შესწავლის შედეგად დაასკვნეს. მაშინ უზარმაზარმა ტალღებმა სამხრეთ ამერიკის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროები წალეკა. არაა გამორიცხული, რომ ოკეანეების ტემპერატურის მატება ამგვარი მოვლენის განმეორების მიზეზად იქცეს.
მკვლევრებმა ანტარქტიდის მიმდებარედ წყალქვეშა მეწყრის კვალს 2017 წელს მიაგნეს და ფსკერზე არსებული ქანები შეისწავლეს, რომელთაგანაც ერთი 3 მილიონი წლის წინანდელი, მეორე კი 15 მილიონი წლის წინანდელი აღმოჩნდა, რაც დათბობის პერიოდებს ემთხვევა. მაშინ ამ კონტინენტის გარემომცველი წყლები ახლანდელზე 3°C-ით თბილი იყო. ამგვარმა პირობებმა წყალმცენარეების გავრცელებას შეუწყო ხელი, შედეგად კი დანალექი ფენები შესუსტდა და მეწყრების რისკი გაზარდა. ამას დაემატა ყინულის ლღობა და მიწისძვრები.
მაშინდელი ცუნამის კონკრეტული მასშტაბები უცნობია, თუმცა წინა საუკუნეში მომხდარმა მეწყრებმა 13 და 15-მეტრიანი ტალღები წარმოქმნა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ყინულის ლღობა გაგრძელდება, ცუნამი კიდევ ერთხელ დაგვემუქრება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები