რა დროა მთვარეზე? — ანუ როგორ ზომავენ დროს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე
დედამიწელებისთვის დრო მნიშვნელოვანი რესურსია და, რამდენადაც ვიცით, კაცობრიობა შეთანხმდა უნივერსალურ დროსა და პლანეტის დროის ზონებად დაყოფაზე. მაგრამ რა ხდება ჩვენი პლანეტის მიღმა?
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომლიდანაც დღეში 16 მზის ჩასვლა ფიქსირდება, იყენებენ მსოფლიო კოორდინირებულ დროს (UTC), იგივე გრინვიჩის შუალედურ დროს (GMT).
და შეგვიძლია თუ არა, იმავე ლოგიკით, UTC მთვარესაც მივუსადაგოთ?
მეცნიერები, ჯერჯერობით, არ შეთანხმებულან იმაზე, თუ დროის რომელ ზონას გამოიყენებენ მთვარეზე, როცა ასტრონავტები Artemis III-თი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვებიან ან როცა მთვარეზე ერთი თუ რამდენიმე ბაზა შეიქმნება. დღესდღეობით, კონკრეტული მისიები იყენებს დროის იმ ზონას, რომელშიც მდებარეობს მისიის გამგზავნი ქვეყანა.
დროის გასაზომად მზის გამოყენებამ — როგორც ამას დედამიწაზე ვაკეთებთ — შესაძლოა, მთვარეზე არ იმუშაოს, რადგან თანამგზავრზე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე 14,77 დედამიწური დღე გადის.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც გვთავაზობენ, მთვარის სტანდარტული დროის შემოღებაა. ამის მიხედვით, წამები, წუთები და საათები დარჩება იგივე, თუმცა 24 საათს დაერქმევა ციკლი, ხოლო 30 ციკლი იქნება მთვარის ერთი დღის ტოლი.
დროის რომელ ზონას იყენებდნენ Apollo-ს ასტრონავტები?
აპოლოს ასტრონავტებმა მთვარეზე დრო პროდუქტიულად გამოიყენეს, ამიტომ იქნებ სჯობდეს, მათ მივბაძოთ? სინამდვილეში, აპოლოს ასტრონავტებს არ გამოუყენებიათ UTC ან ფლორიდის დრო ან დროის ზონა Houston-ისა, რომელზეც იმყოფებოდა მისიის კონტროლი. ზოგადად, მათ დროის არც ერთი ზონით უხელმძღვანელიათ. ასტრონავტებმა გამოიყენეს Ground Elapsed Time (GET), იგივე Mission Elapsed Time (MET) — ანუ მათ დროის ათვლა დაიწყეს მისიის გაშვებიდან.
მსგავს მისიებში ბევრი რამაა დამოკიდებული აქტივობებზე, რომლებიც აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ ხდება, ამიტომ, ლოგიკურია, ასტრონავტები იყენებდნენ არა დროის რომელიმე ზონას, არამედ GET-ს.
თუმცა მთვარეზე დიდხნიანი მისიების გაშვების შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა აზრს კარგავს და ახალი გამოსავლის მოძებნა ხდება საჭირო. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ამ საკითხზე დისკუსია უკვე გახსნა. და, მიუხედავად იმისა, რომ მთვარისთვის ცალკეული დროის ზონის შემოღება ასტრონავტებისთვის გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, შემდგომში მთვარეზე საკომუნიკაციო სისტემების დამყარებისთვის იგი მნიშვნელოვანია.
კომენტარები