ნახეთ: გასაოცარი სურათები იუპიტერის ვულკანურ თანამგზავრ იოს გვიჩვენებს
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა Juno-მ პლანეტასთან რიგით 51-ე ჩავლისას მისი ვულკანური თანამგზავრი იო ახლოდან გადაიღო. ამ დროს აპარატს ციური სხეულის ზედაპირისგან მხოლოდ 35 500 კილომეტრი აშორებდა.
აღსანიშნავია, რომ იო არა მხოლოდ იუპიტერის თანამგზავრებს შორისაა გამორჩეული, არამედ მთელს მზის სისტემაში ყველაზე ვულკანური ობიექტია. JunoCam-ის მიერ დაფიქსირებულ კადრში მის მოწითალო ზედაპირს ვხედავთ, რომელზეც ვულკანების კვალი ჩანს. JIRAM-ის ინფრაწითელ გამოსახულებაში კი თავად ვულკანებია აღბეჭდილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოს ზედაპირზე ასობით აქტიური ვულკანი მძვინვარებს, რომლებიც ხშირად იფრქვევა და ეს ნაკადები თხელ ატმოსფერომდე აღწევს. მათი შესწავლა და ამ პროცესზე დაკვირვება იოს შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს. ის იუპიტერის გარშემო არსებული, სიდიდით მესამე თანამგზავრია, რომელსაც პლანეტისგან 422 000 კილომეტრი აშორებს.
როგორც ცნობილია, იოს ასეთი ვულკანური აქტიურობა მძლავრი გრავიტაციული ზეგავლენის შედეგია, რომელიც მასზე აქვს როგორც თავად იუპიტერს, ასევე პლანეტის სხვა თანამგზავრებს: ევროპასა და განიმედს. ასეთი ურთიერთქმედება იოს ერთგვარად ჭყლეტს და მის ზედაპირს 100 მეტრამდე მანძილით ქვემოთ და ზემოთ ზნექს.
NASA-ში ამბობენ, რომ Juno იოს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უახლოვდება, რაც მის შესახებ მეტის და მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს. ივლისსა და ოქტომბერში აპარატი ამ ციურ სხეულს უფრო მოკლე დისტანციაზე ჩაუვლის, დეკემბერსა და მომდევნო წლის თებერვალში კი მათ შორის მანძილი სულ რაღაც 1 500 კილომეტრი იქნება.
კომენტარები