ჰავაიზე განლაგებულმა დენიელ ინოუზის სახელობის მზის ტელესკოპმა ახალი სურათები გადაიღო, რომლებზეც ჩვენს ვარსკვლავზე არსებული ე.წ. ლაქები, პლაზმა და კონვექციური უჯრედები წარმოუდგენლად ახლოდან ჩანს.

ფოტოების გარჩევადობა დაახლოებით 50 კილომეტრია, ამ მასშტაბზე კი პლაზმის წაგრძელებული სტრუქტურები დეტალებშია გამოსახული. შედარებისთვის თითოეული კონვექციური უჯრედის ზომა ტეხასის შტატისას ჩამოუვარდება. ასეთი გამოსახულებების გაანალიზება მეცნიერებს მნათობში მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

ქვემოთ ნაჩვენებ სურათებზე მზის ლაქებს ვხედავთ, რომელთა მიმდებარეთაც მაგნიტური ველი განსაკუთრებით ძლიერია. ისინი შედარებით მუქია და დაბალი ტემპერატურა ახასიათებს. მზის ამოფრქვევები სწორედ მათთანაა ასოცირებული, შესაბამისად, ამ არეალების გამოკვლევა მნიშვნელოვანია, რადგან დამუხტული ნაწილაკების ასეთი ნაკადები დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს.

ფოტო: NSF/AURA/NSO

ასევე, ტელესკოპმა ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირზე არსებული უმბრაც აღბეჭდა, რომელიც ქვემოთა სურათზე მუქი ლაქების სახითაა წარმოდგენილი. იქ განლაგებულ კაშკაშა რეგიონებს უმბრული წერტილები ეწოდება, პენუმბრა კი უმბრას გარემომცველი ნათელი არეალია, რომელსაც ძაფისებრი სტრუქტურის ფილამენტები ახასიათებს.

მზის ლაქების მსგავსი ფორები და წაგრძელებული სტრუქტურები ვარსკვლავოის ატმოსფეროში.

ფოტო: NSF/AURA/NSO

მნიშვნელოვანია მზის კონვექციური უჯრედებიც, რომლებიც ფოტოსფეროს გრანულებიან ზედაპირს ქმნის. ამ უჯრედებიდან პლაზმა ამოდის, კიდეებისკენ ინაცვლებს და გაციებისას უკან ჩადის. მათი გარშემოწერილობა 1 600 კილომეტრამდეა.

მზის ფოტოსფეროს კონვექციური უჯრედები.

ფოტოსფეროს ზედა ფენა ქრომოსფეროა, სადაც პლაზმის ერთგვარ შვერილებს ვხვდებით, რომელთაც სპიკულები ეწოდება. მათი დიამეტრი 200-450 კილომეტრია. ეს სპიკულები ფოტოსფეროდან ამოიზრდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ნარჩუნდება.

ფოტო: NSF/AURA/NSO

მაღალი გარჩევადობის სურათების სანახავად და გადმოსაწერად, ამ ბმულზე გადადით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.