გაერო — მომდევნო 5 წელში შესაძლოა, ტემპერატურამ 1.5°C-იან ზრდის ზღვარს გადააჭარბოს
ალბათ, ყველას სმენია პარიზის შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიცაა, ტემპერატურის ზრდამ, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, 1.5°C-იან ზღვარს არ გადააჭარბოს. ამის მიუხედავად, გაეროს ახალი პროგნოზის თანახმად, შესაძლოა, ადამიანის სამრეწველო საქმიანობისა და ანომალიური კლიმატური მოვლენების გამო, ეს მომდევნო 5 წელიწადში მოხდეს.
კერძოდ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, იმის შანსი, რომ გლობალურად დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ყოველწლიური ზრდა 1.5°C-იან მიჯნას დროებით გადასცდეს, 66 პროცენტია. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება, რასაც ხელს, სავარაუდოდ, მოსალოდნელი თბილი სეზონური დინება, იგივე ელ-ნინიოც შეუწყობს. ეს და ჩვენ მიერ პროვოცირებული კლიმატის ცვლილება პლანეტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის საფარის კოლაფსს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სითბურ ტალღებს, ძლიერ გვალვებს, წყლის ნაკლებობასა და ექსტრემალურ ამინდს განაპირობებს.
გაეროში ამბობენ, რომ ელ-ნინიო მომდევნო თვეებში დაიწყება და სჯობს, ტემპერატურის მატებისთვის მოვემზადოთ. ამ დროს ქარი, რომელიც წყნარ ოკეანეში თბილ წყალს დასავლეთისკენ უბიძგებს, სუსტდება და მის ერთ ადგილზე დაგროვებას იწვევს. ეს კლიმატს მთელ მსოფლიოში ცვლის, ზოგან ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოდის, ზოგან კი პირიქით, ძლიერი გვალვები იჩენს თავს. ცხელდება ატმოსფეროც, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.
WMO-ს პროგნოზით, 98 პროცენტია შანსი, რომ მომდევნო 5 წელში ერთ-ერთი რეკორდულად ცხელი იყოს და 2016 წელს დაფიქსირებულ ნიშნულს, ტემპერატურის 1.28°C-იან ზრდას, გადააჭარბოს. მოსალოდნელია წვიმის შემცირება ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ამაზონის მიმდებარედ, ხოლო არქტიკის რეგიონში — ყინულის ლღობის აჩქარება, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მარეგულირებელ სისტემებზე ცუდ გავლენას იქონიებს.
კომენტარები