მეცნიერები მაიმუნის ემბრიონებში ორგანოების ზრდას 3D-ში დააკვირდნენ
მეცნიერებმა ლაბორატორიაში მაიმუნის ემბრიონები განვითარების იმ ეტაპამდე გაზარდეს, როცა მათში ორგანოები ყალიბდება. ისინი მიკროსკოპის მეშვეობით ამ პროცესს 3D-ში დააკვირდნენ, რაც აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.
აქამდე ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონების საშვილოსნოს გარეთ გარკვეულ ეტაპამდე გაზრდა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ისინი უჯრედთა შეჯგუფების სახეს იღებდა და განვითარების პროცესის შესწავლას შეუძლებელს ხდიდა. ამ დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა ემბრიონები განსხვავებულ სინჯარებში გადაიტანეს, რათა სამ განზომილებაში გაზრდილიყვნენ, როგორც ეს საშვილოსნოში ხდება.
შედეგად, ჩანასახები 25 დღის განმავლობაში შეინარჩუნეს, როგორი მაჩვენებელიც აქამდე ლაბორატორიაში არ დაფიქსირებულა. ამან მათ საშუალება მისცა, ემბრიონული დისკოს ჩამოყალიბებისთვის მიედევნებინათ თვალი. ესაა უჯრედთა სტრუქტურა, რომელიც მათი სამი ფენის ფორმირებას ედება საფუძვლად: ენდოდერმის, მეზოდერმისა და ექტოდერმის. უნდა ითქვას, რომ მაიმუნების ამ ემბრიონებს ბუნებრივის მსგავსი მახასიათებლები ჰქონდა.
მეოცე დღეს მეცნიერებმა ნერვული სისტემის ადრეული სტრუქტურაც შენიშნეს, რომელიც შემდეგ თავისა და ზურგის ტვინის წარმოქმნას ედება საფუძვლად. ავტორთა თქმით, მეზოდერმის უჯრედები გულის კუნთის ქსოვილად გარდაიქმნა. გამოიკვეთა ლიმფური სისტემა, სისხლის უჯრედები და მათი კომპონენტები.
მკვლევართა სხვადასხვა ჯგუფის ახალი ნაშრომები გამოცემებში Cell და Science გამოქვეყნდა (აქ, აქ, აქ და აქ)
კომენტარები