ვების ტელესკოპმა ვარსკვლავთა წარმომქმნელი შორეული გალაქტიკა დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს წარსულზე დაკვირვებას განაგრძობს. ამჯერად მან ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკა GN20 დააფიქსირა, რომელშიც ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ მატერიის ამ უზარმაზარი სისტემის მტვრის ღრუბლებში "გაიხედა" და ის დეტალურად შეისწავლა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ GN20-ში მნათობთა ფორმირების პროცესი აქტიურობის შუა ფაზაშია და ეს, სავარაუდოდ, სხვა გალაქტიკასთან შერწყმითაა განპირობებული.
GN20, რომელიც გალაქტიკათა პროტოშეჯგუფების ნაწილია, ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ადრეული ვარსკვლავთწარმომქმნელი ასეთი ობიექტია. მას ვხედავთ ისეთს, როგორიც 1.8 მილიარდი წლის სამყაროში იყო. იქ ყოველწლიურად ფორმირებული მნათობების მასა მზისას 500-ჯერ აღემატება, გალაქტიკის გარემომცველი მოლეკულური აირი კი 46 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და გიგანტურ მბრუნავ დისკოს ქმნის.
სწორედ ასეთ ღრუბლებში იბადება ვარსკვლავები, როცა მტვრისა და აირის ზოგიერთი რეგიონი კოლაფსს განიცდის და უფრო მეტ მატერიას იზიდავს. ამის დანახვა ჩვენთვის ძნელია, რადგან ღრუბლების მიერ ხილული სინათლე შთაინთქმება. სამაგიეროდ, დაფიქსირებადია ინფრაწითელი გამოსხივება, რომელსაც ვები აღიქვამს. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი GN20-ში მიმდინარე პროცესების შესწავლა.
დადგინდა, რომ გალაქტიკის ბირთვის დიამეტრი 2 600 სინათლის წელია, მის გარშემო არსებული აირადი შრისა კი — 23 000 სინათლის წელი. ამ რეგიონში სხვა გალაქტიკასთან შერწყმის კვალი შეიმჩნევა, რაც გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია, რომელმაც მისი დეფორმაცია გამოიწვია.
მეცნიერთა ნაშრომი arXiv.org-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები