სანდიას ეროვნული ლაბორატორიების მკვლევრებმა მზეზე მომუშავე საჰაერო ბურთები შექმნეს და სტრატოსფეროში, დედამიწის რიგით მეორე შრეში, აგზავნეს. შედეგად მათ უჩვეულო ხმები შენიშნეს, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნიან.

საჰაერო ბურთების დასამზადებლად მეცნიერებმა საკმაოდ იაფი მასალები გამოიყენეს: სპეციალური პლასტმასა, წებოვანი ლენტი და ნახშირის მტვერი. თითოეული ბურთი 6-7 მეტრი სიგრძისაა და დაახლოებით 21 კილომეტრ სიმაღლემდე შეუძლია აფრენა. ამისათვის მათ, გარდა მზის სინათლისა, არანაირი ენერგია არ სჭირდება.

ცნობილია, რომ სტრატოსფერო დედამიწის ატმოსფეროს საკმაოდ მშვიდი შრეა, რადგან აქ ტურბულენტობა ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს. მიუხედავად ამისა, აქ მიკროფონები ხშირად აფიქსირებს უჩვეულო ხმებს. ზოგჯერ ესენი ბუნებრივი მოვლენების ხმებია, თუნდაც ოკეანის ტალღების ან ჭექა-ქუხილის, ზოგჯერ — ქარის ტურბინებისა და აფეთქებების, ზოგჯერ კი სულაც დაუდგენელი წარმომავლობის სხვა ხმები.

ბურთების აშვების შემდეგ მონაცემების შესაგროვებლად მკვლევრებმა მიკრობარომეტრები გამოიყენეს. შედეგად, გარდა ბუნებისა თუ ადამიანის მიზეზით წარმოქმნილი ხმებისა, მეცნიერებმა უჩვეულო ხმაურიც შენიშნეს, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნიან.

ბურთების გამოყენების ამსახველი ფოტომასალა

ფოტო: Darielle Dexheimer, Sandia National Laboratories

"[სტრატოსფეროში] იდუმალი ინფრაბგერული სიგნალებია, რომლებიც ზოგიერთ ფრენაზე საათში რამდენჯერმე მეორდება, თუმცა მათი წყარო სრულიად უცნობია", — აცხადებს კვლევის ავტორი.

მკვლევართა თქმით, შესაძლოა, მზის ენერგიაზე მომუშავე ბუშტები სხვა პლანეტების შესწავლაშიც დაგვეხმაროს, მაგალითად, ვენერას სეისმური და ვულკანური აქტივობის დათვალიერებაში მისი სქელი ატმოსფეროს მიღმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.