მაგლევის ტიპის ახალი მატარებელი 1000 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს
ეს რიცხვი ორჯერ აღემატება ყველაზე სწრაფი მატარებლის, შანხაი მაგლევის, სიჩქარეს (460 კმ/სთ).
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ტრანსპორტირების შეზღუდვები უფრო და უფრო იხსნება. ამის კარგი მაგალითია ექსპერიმენტული ულტრამაღალსიჩქარიანი მაგლევის ტიპის მატარებელი, რომელიც ჩინეთში მზადდება და რომლის სიჩქარეც 1 000 კმ/სთ იქნება. ეს რიცხვი ხაზგასასმელია, რადგან ის ორჯერ აღემატება ყველაზე სწრაფი მატარებლის, შანხაი მაგლევის, სიჩქარეს (460 კმ/სთ). ახალი პროექტი გაიტესტება ხა'არპინში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხეილუნგძიანგის პროვინციის დედაქალაქში.
World Artery-მ, ჩინურმა ფირმამ, რომელიც ჩართულია მისიის განხორციელებაში, Global Times-ს განუცხადა, რომ ექსპერიმენტული პროექტი ასევე ხელს შეუწყობს პროვინციაში ადგილობრივი ტურიზმის ზრდას.
მაგლევის ტიპის მატარებელი, ცხადია, განსხვავდება ტრადიციული მატარებლებისგან, რომლებიც მოძრაობისას ლიანდაგის ზედაპირს ეხება. მაგლევი, იგივე მაგნიტოპლანი, მოძრაობს და იმართება მაგნიტური ძალით. იგი, ფაქტობრივად, ლევიტირებს ლიანდაგზე, რაც გამორიცხავს ხახუნს და უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას. ასეთი ტიპის მატარებელი მსოფლიოში მხოლოდ სამ ქვეყანას — ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას — აქვს.
ახალი პროექტი იყენებს ტექნოლოგიას დაბალი ვაკუუმის სატრანსპორტო მილში, რაც მატარებელს საშუალებას აძლევს, განავითაროს მაღალი სიჩქარე შედარებით ზომიერი ხარჯებით და უსაფრთხოებაზე კომპრომისის გარეშე.
როგორც World Artery-ს პრეზიდენტმა, პინ ჭენგმა, აღნიშნა, "საცდელი მარშრუტის მშენებლობა იქნება გარღვევა ამ სფეროში".
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სიჩქარემ, რომელიც აღემატება 1000 კმ/სთ-ს, შეიძლება დააყენოს მგზავრებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ ტიპის მატარებლების სისტემების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები; მაგლევის ტრასების, სადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს.
თუმცა, თუკი ეს ტექნოლოგია კომერციული გამოყენებისთვის ეფექტიანი გახდება, ასეთი სწრაფი სატრანზიტო სისტემა სრულიად გარდაქმნის შორ მანძილზე მოგზაურობას: შეამცირებს რა დისტანციას და დააახლოებს რეგიონებს ისე, როგორც არასდროს.
კომენტარები