ნახეთ: მთვარესთან შეჯახებამდე იაპონურმა აპარატმა მზის დაბნელებისას დედამიწა გადაიღო
25 აპრილს მთვარეს იაპონური კოსმოსური ხომალდი Hakuto-R შეეჯახა. რამდენიმე დღით ადრე მან გასაოცარი კადრი გადაიღო, რომელზეც ჩვენი პლანეტა მზის დაბნელებისასაა აღბეჭდილი.
ეს სურათი მისია Apollo 8-ის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოს მოგვაგონებს, რომელსაც "დედამიწის ამოსვლას" უწოდებენ. ორივე მათგანი მთვარის კრატერიანი ზედაპირის ფონზე, ჰორიზონტზე ლურჯად მოელვარე ჩვენს პლანეტას გვიჩვენებს, რაც შთამბეჭდავი დასანახია. ახალ კადრში ავსტრალიის მიმდებარედ მთვარის ჩრდილი ეცემა, რადგან იქ იმ დროს მზის სრული დაბნელება იყო ხილული.
Hakuto-R კოსმოსში SpaceX-ის რაკეტით Falcon 9 ტოკიოში დაფუძნებული კომპანია iSpace-ის მისიის ფარგლებში გაუშვეს. მთვარეზე წარმატებით დაშვების შემთხვევაში, ის იქნებოდა პირველი კომერციული აპარატი, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
ხომალდმა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო სათანადო ორბიტამდე მისაღწევად 1.4 მილიონი კილომეტრი დაფარა, თუმცა 100 კილომეტრიდან დაშვების პროცესში მასთან კონტაქტი მოულოდნელად გაწყდა. რამდენიმე წუთში ცხადი გახდა, რომ Hakuto-R ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხოს დაშვების ნაცვლად, მას უკონტროლოდ შეეჯახა. ვარაუდობენ, რომ აპარატს საწვავი გაუთავდა და მოძრაობის შენელება ვერ მოახერხა
ეს პირველი კერძო ხომალდი არაა, რომელიც მთვარეს შეეჯახა. 2019 წელს იგივე დაემართა ზონდ Beresheet-საც, რომელიც კოსმოსში ისრაელში დაფუძნებულმა კომპანიებმა SpaceIL და Israeli Aerospace Industries გაუშვა. მას დაშვებისას გიროსკოპმა უმტყუნა. აქამდე მთვარეზე უსაფრთხოდ დაშვება მხოლოდ აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოების აპარატებმა შეძლო.
Hakuto-R-მა, წარუმატებლობის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი კადრები გვისახსოვრა, რომელიც მთვარის ორბიტიდან ოდესმე გადაგვიღია. რაც შეეხება სხვა მისიებს, მომავალში მრავალი ასეთი ფრენა იგეგმება, მათ შორის iSpace 2024-25 წლებში მთვარეზე კიდევ 2 ხომალდის გაგზავნას აპირებს.
კომენტარები