სარადარო სატელიტების გამოყენებით 19 000-ზე მეტი წყალქვეშა ვულკანი გამოავლინეს
მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის სარადარო სატელიტების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით 19 000-ზე მეტი წყალქვეშა ვულკანი გამოავლინეს. ეს მსგავსი წარმონაქმნების ყველაზე დიდი კატალოგია, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია და ის ოკეანის დინებების, ფილათა ტექტონიკისა და კლიმატის ცვლილების შესასწავლად მნიშვნელოვანია.
ამ დრომდე სონარის ტექნოლოგიით, რომელიც წყლით დაფარული ობიექტების გამოსავლენად ბგერით ტალღებს იყენებს, ოკეანეებისა თუ ზღვების ფსკერის მხოლოდ 1/4 იყო შესწავლილი. 2011 წლის კვლევაში ვულკანური აქტიურობით წარმოქმნილი 24 000 წყალქვეშა მთა აღიწერა, მაგრამ 27 000-ზე მეტი ერთეული იმავე მეთოდით ჯერ კიდევ დასაფიქსირებელი დარჩა.
ახალი შედეგები ცხადყოფს, რომ წყალქვეშა გარემოს შესასწავლად სულაც არ გვჭირდება, რომ მხოლოდ ზემოხსენებულ ტექნოლოგიას დავეყრდნოთ. ამისთვის ეფექტიანია სარადარო სატელიტებიც, რომლებიც არა მხოლოდ ოკეანეების სიღრმის დადგენის, არამედ იქ არსებული ობიექტების ტოპოგრაფიის გამოკვლევის საშუალებასაც გვაძლევს.
ასეთი თანამგზავრები 1 100-მეტრიან შემაღლებებსაც კი აფიქსირებს, რაც წყალქვეშა მთების სიმაღლის ქვედა ზღვართან ახლოსაა. აღნიშნული მეთოდით მოპოვებული მონაცემების მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პატარა წყალქვეშა ვულკანების ზომის დადგენისას უზუსტობა დაახლოებით 270-მეტრი იქნება.
ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში არსებული წყალქვეშა მთების გამოკვლევა შესაძლოა, დაგვეხმაროს მანტიიდან მომდინარე ნაკადების შესწავლაში, რომლებიც ისლანდიაში 100-ზე მეტ ვულკანს "კვებავს". განახლებული რუკები დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის ოკეანის დინებებსა და სიღრმეებიდან მაღლა ამომავალ წყლებზეც, რაც სწორედ წყალქვეშა მთებთან და ქედებთანაა დაკავშირებული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Earth and Space Science გამოქვეყნდა.
კომენტარები