ელექტრონული მცენარეები? — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ტრანზისტორი ხისგან დაამზადეს
მკვლევრებმა ხისგან ელექტროგამტარი მასალა შექმნეს, შემდეგ კი იგი ხის ტრანზისტორის დასამზადებლად გამოიყენეს.
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ტრანზისტორი ხისგან დაამზადეს. წინა მცდელობებისგან განსხვავებით, შვედი მკვლევრების მიერ შექმნილი ტრანზისტორი უწყვეტად მუშაობს და ელექტრულ დენს შეუფერხებლად არეგულირებს. შესაძლოა, მოვლენამ ხის ელექტრომოწყობილობების შექმნას შეუწყოს ხელი.
ტრანზისტორი ელექტრონულ მოწყობილობებში დენის გადაადგილებას არეგულირებს და ამომრთველის ფუნქციას ასრულებს. ამის გამო იგი თანამედროვე ტექნიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტრანზისტორებს ხშირად ნანომასშტაბზე აწარმოებენ.
მკვლევართა განცხადებით, წინა მცდელობებისას ხისგან დამზადებულ ტრანზისტორებს მხოლოდ იონების გადაადგილების რეგულირება შეეძლო. იონების გამოლევის შემდეგ მათი მუშაობაც წყდებოდა.
"უპრეცედენტო პრინციპი შევიმუშავეთ. დიახ, ხის ტრანზისტორი ნელია და ვეებერთელა, თუმცა მუშაობს და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს", — აცხადებს ისაკ ენგკვისტი, უფროსი ასოცირებული პროფესორი და კვლევის თანაავტორი.
ტექნოლოგიის დასამზადებლად უხორკლო, ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე ხე იყო საჭირო, ამიტომ მკვლევრებმა ბალსა გამოიყენეს. მასალას ლიგნინი მოაცილეს და მხოლოდ ცელულოზის გრძელი ბოჭკოები დატოვეს იმ არხებითურთ, სადაც აქამდე ლიგნინი იყო. ეს არხები შემდეგ გამტარი პოლიმერით, სახელად PEDOT:PSS-ით ამოავსეს. სწორედ ასე შექმნა ხის ელექტროგამტარი მასალა.
მეცნიერებმა იგი ხის ტრანზისტორის შესაქმნელად გამოიყენეს და დაამტკიცეს, რომ მათ გამოგონებას მართლაც შეუძლია, ელექტრული დენი დაარეგულიროს და უწყვეტად იმუშაოს შერჩეული დატვირთვით. მას ჩართვა-გამორთვის უნარიც შესწევს, თუმცა პატარა შეყოვნებით: გამორთვას დაახლოებით ერთი წამი სჭირდება, ჩართვას კი — ხუთი წამი.
შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ ე.წ. ელექტრონული მცენარეების დარეგულირებაში დაგვეხმაროს. მცენარეებში ელექტრონიკის ინტეგრირებით შეიძლება "ბიოჰიბრიდული" სისტემებიც შეიქმნას, ანდა მცენარეთა მონიტორინგი და ოპტიმიზაცია გამარტივდეს.
როგორც მკვლევრები აცხადებენ, ტრანზისტორის არხის სიდიდის ერთი უპირატესობა ისაა, რომ, სავარაუდოდ, იგი ჩვეულებრივ ორგანულ ტრანზისტორებთან შედარებით უფრო ძლიერ ელექტრულ დენს გაუმკლავდება.
"ხის ტრანზისტორი კონკრეტული დანიშნულებით არ შეგვიქმნია", — აცხადებს ენგკვისტი — "გავაკეთეთ, რადგან შეგვეძლო... იმედი გვაქვს, ეს დამატებითი კვლევების შთაგონებას აღძრავს, რამაც სამომავლოდ შეიძლება, პრაქტიკულ გამოყენებამდეც მიგვიყვანოს".
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები