როგორი სუნი აქვს მთვარეს?
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი სუნი აქვს დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს? გაგიკვირდებათ და ამის შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვება.
გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, ფრანგი მაიკლ მოისეფი, სწორედ ამ საკითხზე მუშაობს. ის საკუთარ თავს "სურნელების სკულპტორს" უწოდებს, რადგან ლაბორატორიაში ტულუზის მუზეუმისთვის Space City მთვარის არომატის შექმნას ცდილობს. მეცნიერი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე გამგზავრებული ასტრონავტის მონათხრობს ეყრდნობა.
"ჩემ მიერ შექმნილი სურნელება, რომელიც გამოყენებული დენთისას ჰგავს, ბაზ ოლდრინის აღწერას ეფუძნება, თუ რისი სუნი იგრძნო, როცა 1969 წელს მთვარის მოდულში დაბრუნებულმა ჩაფხუტი მოიხსნა", — აცხადებს მოისეფი.
ბაზ ოლდრინმა 1969 წლის მისია Apollo 11-ის ფარგლებში ნილ არმსტრონგის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველმა დადა ფეხი. 2009 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში ის იხსენებს, რომ ხომალდში დაბრუნებისას მათი სკაფანდრები იქაური მტვრით იყო დაფარული, რომელსაც ლითონის მაგვარი მძაფრი სუნი ჰქონდა, დენთის ან ასაფეთქებლის მსგავსი.
2015 წლის ინტერვიუში ის, ასევე, ამბობს, რომ მთვარის არომატი მიახლოებულია დამწვარი ნახშირის სუნთან, ისეთთან, როგორიც ბუხართან ტრიალებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკვერჩხალს წყალს მიაპკურებ.
"მხოლოდ იმის თმა შემიძლია, რომ პირველი შთაბეჭდილებისას ამ სუნმა ყველას გამოყენებული დენთი გაახსენა და ის პირდაპირ ლითონთან ან სიმძაფრესთან არ ასოცირებულა. ალბათ, გამოყენებული დენთის სუნი ჩვენს მეხსიერებაში ყველა სხვა შესაბამის არომატზე მეტადაა დალექილი", — ამბობს მისია Apollo 17-ში მონაწილე ასტრონავტი ჰარისონ შმიტი, რომელმაც 1972 წელს მთვარეზე გაიარა და ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც ეს გააკეთა, რადგან მას შემდეგ დედამიწის თანამგზავრზე ადამიანი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ეს მალე შეიცვლება, რადგან პროგრამა Artemis-ის ფარგლებში კაცობრიობა მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს.
კომენტარები