ჩინეთის "ხელოვნურმა მზემ" ახალი რეკორდი დაამყარა
ჩინეთის "ხელოვნურმა მზემ", ანუ მოწინავე ექსპერიმენტულმა ზეგამტარმა ტოკამაკმა (EAST) ახალი რეკორდი დაამყარა — მან სტაბილური, მაღალი შეკავების პლაზმა 403 წამის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც სუფთა ენერგიის პოტენციურ წყაროსთან გვაახლოებს.
რეაქტორის უკანასკნელი მიღწევა ბევრად აღემატება მის მიერ 2021 წელს დამყარებულ რეკორდს, რომელიც 101 წამის განმავლობაში შენარჩუნებულ პლაზმას გულისხმობს. ამ ნიშნულს გადაცდენა მეცნიერებმა 120 000 მცდელობის შემდეგ შეძლეს, რაც საერთაშორისო თერმობირთვული რეაქტორის (ITER) მეგაპროექტისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი მიზანი ენერგიის მიღებაა ისეთივე სინთეზური პროცესით, როგორიც ჩვენს მზეში მიმდინარეობს.
ბირთვული სინთეზი არის რეაქცია, რომელიც ვარსკვლავებში გვხვდება და ის ჩვენთვის სუფთა ენერგიის პოტენციური წყაროა, რადგან ნახშირორჟანგის ემისიები არ ახასიათებს და რადიოაქტიურ მატერიასაც არ გამოყოფს. როდესაც წყალბადის ატომები 100 მილიონ გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე ცხელდება, შედეგად მიღებული პლაზმით იქმნება პირობები, რომლებიც ატომების შერწყმასა და ჰელიუმის ფორმირებას უწყობს ხელს. ამ პროცესში კი დიდი ოდენობით ენერგია თავისუფლდება.
ამისთვის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური, მძლავრი მაგნიტებით აღჭურვილი მოწყობილობა, სახელად ტოკამაკი, რომელიც პლაზმას საშუალებას არ აძლევს, რეაქტორის კედლებამდე მიაღწიოს. ჩინეთს ამბიციური გეგმა ჰქონდა, რომ მისი ტოკამაკი 2020 წელს ამუშავებულიყო. ეს ვერ აასრულეს, თუმცა ამ მხრივ წინსვლა შეძლეს. მაგალითად, გასულ იანვარს EAST-მა მაღალ ტემპერატურაზე 1 056 წამის განმავლობაში იმუშავა.
მართალია, უკანასკნელი ექსპერიმენტის ხანგრძლივობა ნაკლები იყო, თუმცა მის ფარგლებში სტაბილურობით გამორჩეული პლაზმა მაღალი შეკავების რეჟიმში შენარჩუნდა, რაც რეაქტორების უკეთესი ფუნქციონირებისკენ გვიკვალავს გზას.
2006 წლიდან მოყოლებული, EAST ჩინეთში ბირთვული სინთეზის შემსწავლელი მეცნიერებისთვის მთავარი სატესტო მოწყობილობაა. ასევე, დასრულებულია მუშაობა CFETR-ის სახელით ცნობილი რეაქტორის საინჟინრო დიზაინზე. ის შემდეგი თაობის "ხელოვნური მზეა", რომლის აგებაც 2035 წლისთვის დასრულდება.
კომენტარები