მიჩიგანში ზრდასრულთა 20%-ს შვილის ყოლა არ სურს და ამას არც მომავალში ნანობს — კვლევა
შარშან მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა სტატისტიკა გაგვიზიარეს: მიჩიგანის ზრდასრული მოსახლეობის 20%-ს, ანუ დაახლოებით 1.7 მილიონ ადამიანს, შვილის ყოლა არ სურს და ბავშვის გარეშე ცხოვრობს. ზოგს მაჩვენებელი მეტისმეტად დიდი ეჩვენა, თუმცა ახლახან იგი დამატებითი კვლევით დაადასტურეს. ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
"დავადგინეთ, რომ მიჩიგანში ზრდასრულთა 20.9%-ს შვილები არ უნდა, რაც ჩვენს წინა გაანგარიშებას, 21.6%-ს, თითქმის ემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ მიჩიგანში 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი ბავშვის გარეშე ცხოვრობს", — აცხადებს ჯენიფერ უოტლინგ ნილი, კვლევის თანაავტორი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი — "მიჩიგანი დემოგრაფიულად მთლიანი შეერთებული შტატების ანალოგიურია. შესაბამისად, შეიძლება მიგნება იმაზე მეტყველებდეს, რომ 50-60 მილიონი ამერიკელი ბავშვების გარეშე ცხოვრობს".
ახალი ნაშრომით მეცნიერებმა თავდაპირველი კვლევის გამეორება გადაწყვიტეს. მის ფარგლებში იგივე მეთოდები გამოიყენეს და ადამიანთა ახალი ჯგუფი შეისწავლეს.
მკვლევრებმა, კერძოდ, ათასი ზრდასრულისგან შემდგარი რეპრეზენტატული ჯგუფის მონაცემები გამოიყენეს. ამ ადამიანებმა მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოკითხვაში, State of the State Survey-ში, მიიღეს მონაწილეობა.
იმისათვის, რომ შედეგებიდან ნაკლებად მიკერძოებული დასკვნები გამოეტანათ, მეცნიერებმა წინასწარ რეგისტრაციას მიმართეს — წინასწარ აღწერეს, ზუსტად როგორ ჩატარდებოდა კვლევა და რის მიგნებას ელოდნენ.
"ბევრი ზრდასრული უშვილოა და მათ შორის არც განსხვავებები შეიმჩნევა ასაკის, განათლებისა თუ შემოსავლის კუთხით", — აცხადებს ზაქარი ნილი, კვლევის თანაავტორი და ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში — "მიუხედავად ამისა, ბავშვების არყოლა უფრო ხშირია ზრდასრულებში, რომლებიც თავს მამრობითი სქესისად მოიაზრებენ, თეთრკანიანები არიან ანდა ყოველთვის მარტოხელები იყვნენ".
არსებობს მოსაზრებაც, რომ უშვილო ადამიანები სამომავლოდ მაინც ინანებენ ბავშვების არყოლას, განსაკუთრებით ასაკში შესვლის შემდგომ. მიუხედავად ამისა, როგორც პროფესორი უოტლინგ ნილი განმარტავს, კვლევის ფარგლებში არ შეუნიშნავთ იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ხანშიშესული უშვილო ადამიანები იმაზე მეტ ცხოვრებისეულ სინანულს განიცდიან, ვიდრე იმავე ასაკობრივი კატეგორიის მშობლები.
"რეალურად, ხანშიშესულ მშობლებს ოდნავ მეტად უნდოდათ ხოლმე, თავიანთ ცხოვრებაში რაიმე შეეცვალათ", — ამბობს ის.
ვინაიდან ამდენი ზრდასრულია უშვილო, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ჯგუფი მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს რეპროდუქციული უფლებები ირღვევა.
"რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შტატების შეზღუდვებმა, შესაძლოა, ადამიანებს ბავშვის ყოლა აიძულოს, სურვილის არქონის მიუხედავად, რაც ძალიან შემაშფოთებელია", — აცხადებს ნილი.
ნაშრომის ავტორებს ამჟამად სურთ შეისწავლონ, თუ რამდენად მოქმედებს აბორტთან დაკავშირებული შეზღუდვები ადამიანთა ამგვარ არჩევანზე. ისინი კვლევაში სხვა შტატებსა თუ ქვეყნებსაც ჩართავენ.
კომენტარები