დედამიწის სიღრმეში უძველესი ოკეანის ფსკერი აღმოაჩინეს
ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა დედამიწის გლობალური სეისმური კვლევა ჩაატარეს და ჩვენი პლანეტის ბირთვის გარშემო უძველესი ოკეანის ფსკერის კვალი გამოავლინეს.
აქამდე მსგავსი წარმონაქმნები მხოლოდ იზოლირებული რეგიონების სახით იყო დაფიქსირებული, ახლა კი დადგინდა, რომ ეს მკვრივი ფენა ტექტონიკური ფილების გადაადგილების გამო დიდი ხნის წინ "ჩაიძირა" და ულტრადაბალი სიჩქარის ზონის სახელითაა ცნობილი, რომელიც, სიმკვრივიდან გამომდინარე, სეისმური ტალღების მოძრაობას ანელებს.
"ამის მსგავსი სეისმური კვლევები ჩვენი პლანეტის შიდა სტრუქტურის უმაღლესი გარჩევადობით დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ვიგებთ, რომ ეს სტრუქტურა იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე აქამდე გვეგონა. უკანასკნელი კვლევა დედამიწის ზედაპირული და ღრმა სტრუქტურების მნიშვნელოვან კავშირსა და იქ მიმდინარე პროცესებს გვიჩვენებს", — აცხადებენ სპეციალისტები.
მეცნიერებმა ზემოხსენებული ფენის შესასწავლად სწორედ სეიმური ტალღები გამოიყენეს. რადგან მათი მოძრაობა ამ რეგიონის მიმდებარედ მცირდება, მას, როგორც უკვე ვახსენეთ, ულტრადაბალი სიჩქარის ზონა ეწოდება და ეს მახასიათებელი ბირთვისა და მანტიის შუაში განლაგებული უძველესი ოკეანური ფსკერით შეიძლება აიხსნას. ასეთი მატერია ორი ტექტონიკური ფილის შემხვედრ არეალში (სუბდუქციურ ზონებში) გროვდება და სიღრმეში "იძირება". ესაა ერთგვარი მთები, რომელთა სიმაღლეც 5 კილომეტრზე ცოტა ან 40 კილომეტრზე მეტია.
"მატერიის სისქე რამდენიმე კილომეტრიდან ათეულობით კილომეტრამდე მერყეობს. ეს მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ბირთვზე არსებულ მთებთან, რომლებიც ზოგიერთ ადგილზე ევერესტზე 5-ჯერ მაღალია", — ამბობენ ავტორები.
ამგვარ შემაღლებებს შესაძლოა, დიდი როლი ჰქონდეს ბირთვიდან სითბოს გადინებაში. არაა გამორიცხული ისიც, რომ ოკეანის ფსკერის შემადგენელი ეს მატერია მანტიიდან ზედაპირზე ამომავალ ნაკადებში გაერთიანდეს და ვულკანური ამოფრქვევებისას გამოთავისუფლდეს.
მკვლევრებმა ბირთვისა და მანტიის მიჯნის შესახებ სეისმური მონაცემები სამი წლის განმავლობაში ანტარქტიდაზე განხორციელებული 4 ექსპედიციისას მოიპოვეს. ეს მათ 15 სადგურის მეშვეობით შეძლეს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხდარი მიწისძვრებისას გამოყოფილი ტალღების დახმარებით დედამიწის შიდა სტრუქტურას ავლენს. შეგროვებულ ინფორმაციაში ავტორებმა მოულოდნელი სიგნალები აღმოაჩინეს, რომლებიც რამდენიმე წამის დაგვიანებით ფიქსირდებოდა.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები