ნახეთ: მარსის ინტერაქტიური რუკა წითელ პლანეტას ისე გვიჩვენებს, თითქოს ზემოდან დავყურებდეთ
კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა მარსის გლობალური რუკა შექმნეს, რომელიც მაღალი გარჩევადობისაა და წითელი პლანეტის ზედაპირის დეტალურად დათვალიერების საშუალებას იძლევა.
ამისთვის სპეციალისტებმა აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ზონდ Reconnaissance-ის (MRO) მიერ მარსის ორბიტიდან გადაღებული 110 000 სურათი გამოიყენეს. ეს კადრები აპარატზე დამონტაჟებულმა შავ-თეთრმა კამერამ Context Camera (CTX) აღბეჭდა. ყოველი პიქსელი ციური სხეულის 25 კვადრატულ მეტრ ფართობს შეესაბამება, საერთო ჯამში კი ის 5.6 ტრილიონ პიქსელს აერთიანებს. ინტერაქტიური მოზაიკური რუკის შექმნას ავტორებმა 6 წელი მოანდომეს.
"მინდოდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი რაღაც შემექმნა. მისი გამოყენება ახლა სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ისევე, როგორც დედაჩემს, რომელიც ცოტა ხნის წინ 78 წლის გახდა. მიზანი ბარიერების დაწევაა ადამიანებისთვის, რომელთაც მარსის გამოკვლევა სურთ", — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ჯეი დიქსონი.
რუკაზე ნაჩვენებია წითელ პლანეტაზე არსებული კრატერები, შემაღლებები, ხეობები და ა.შ. მათ შორისაა გეილის კრატერი და იქ მდებარე შარპის მთა, რომელსაც NASA-ს მარსმავალი Curiosity იკვლევს. რაც შეეხება Reconnaissance-ს, ის ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს 2006 წლიდან აკვირდება როგორც ზემოხსენებული შავ-თეთრი კამერით, ასევე HiRISE-ის სახელით ცნობილი ხელსაწყოთი და ფერადი კამერით.
"ჩვიდმეტი წელია, MRO მარსს ისეთს გვიჩვენებს, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ეს მოზაიკა გასაოცარი ახალი საშუალებაა, რომ შეგროვებული ფოტომასალა დავათვალიეროთ.", —აცხადებს რიჩ ჟურეკი რეაქტიული ძრავების ლაბორატორიიდან.
რუკისთვის დიქსონმა ალგორითმი შექმნა, რათა საერთო არეალის ამსახველი ფოტოები გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, 1 300 სურათი მეცნიერებმა რეგიონებს თავად მიუსადაგეს. ადგილები, რომლებიც არ ჩანს, ჯერ არაა გადაღებული ან შესაძლოა, მათ ღრუბლები/მტვერი ფარავდეს.
რუკის სანახავად გადადით ბმულზე: https://murray-lab.caltech.edu/CTX/V01/SceneView/MurrayLabCTXmosaic.html
კომენტარები