მეცნიერებმა ემბრიონის მაგვარი მოდელები გაზარდეს და საშვილოსნოში მდედრ მაიმუნებს გადაუნერგეს, შედეგად კი ემბრიონებმა გესტაციის ადრეული ფაზები გაიარა. შეიძლება ითქვას: ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნილი ერთგვარი ემბრიონებით მაიმუნები ცოტა ხნით დაფეხმძიმდნენ. კვლევას გამოცემაში Cell Stem Cell გაეცნობით.

ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ამგვარი ემბრიონებიც შექმნილა, თუმცა კვლევითი მიზნებით მეცნიერებს მათ გასაზრდელად აქამდე მხოლოდ 14-დღიანი ლიმიტი ჰქონდათ. ამას გარდა, ადამიანში ასეთი ემბრიონების იმპლანტაცია შეუძლებელია, რაც რეალურ პირობებში ემბრიონული განვითარების შესწავლის მხრივ ასეთი მოდელების გამოყენებასაც ართულებს.

ექსპერიმენტის მიმდინარეობა

ალტერნატიული მიდგომის ძიებაში ჩინელი მეცნიერები შეძლებისდაგვარად ყველაზე ახლოდ მონათესავე სახეობას, კიბორჩხალაჭამია მაკაკას (Macaca fascicularis), მიადგნენ.

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები უჯრედების კულტურაში გამოზარდეს და ფრთხილად შერჩეული ზრდის ფაქტორები დაუმატეს. შედეგად უჯრედებისგან ემბრიონის მაგვარი სტრუქტურები, სახელად ბლასტოიდები, წარმოიქმნა.

ბლასტოიდებად ექსპერიმენტში გამოყენებული ღეროვანი უჯრედების მეოთხედი იქცა. შემდეგ ისინი ლაბორატორიაში გაზარდეს, სანამ გასტრულაციის პროცესში (ეს ემბრიონული განვითარების საკვანძო ფაზაა, რომლის დროსაც სხეულის საბაზისო გეგმა იქმნება) სამი სხვადასხვა შრე არ წარმოიქმნა. რამდენიმე ბლასტოიდს ყვითრის პარკი და ამნიონიც (სითხის შემცველი მემბრანა, რომელიც განვითარების პროცესში მყოფ ემბრიონს ფარავს) განუვითარდა.

მიკროსკოპის ქვეშ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ბლასტოიდები მახასიათებლებით მე-7 ფაზის ემბრიონებს წააგავდა (ადამიანებში ეს ფაზა განაყოფიერებიდან 18-21 დღის შემდეგ დგება). სხეულს გარეთ ზრდისას ემბრიონის მოდელი, როგორც წესი, დაახლოებით მე-18 დღეს იშლებოდა. სამომავლო კვლევებისთვის მეცნიერებს იმ სხვა ტექნიკების შესწავლაც სურთ, რომლებმაც თაგვის ბლასტოიდების შექმნისას გაამართლა.

ექსპერიმენტი მაიმუნის ბლასტოიდების შექმნით არ დასრულებულა — მეცნიერებმა ისინი 8 მაიმუნის საშვილოსნოებში მოათავსეს.

მკვლევრებმა ის ბლასტოიდები შეარჩიეს, რომლებიც 7 დღის განმავლობაში იზრდებოდა — ბუნებრივი ემბრიონების არსებითი მახასიათებლები ჰქონდა. თითოეულ სუროგატ მაიმუნს საშვილოსნოში 8-10 ბლასტოიდი შეუყვანეს, შედეგებს კი ულტრასონოგრაფიითა და ჰორმონების ტესტირებით აკვირდებოდნენ მომდევნო 20 დღის განმავლობაში.

ემბრიონის მაგვარი სტრუქტურები სამ სუროგატ მაიმუნს წარმატებით გადაუნერგეს. შედეგად ადრეული გესტაციის პარკები (სითხის შემცველი მემბრანა, რომელიც ემბრიონსა და ამნიონურ სითხეს ეკვრის გარს) წარმოიქმნა, ემბრიონები კი ტრანსპლანტაციის შემდგომ მინიმუმ ერთი კვირით შენარჩუნდა. ამ დროის განმავლობაში სუროგატების ორგანიზმში პროგესტერონისა და ქორიონული გონადოტროპინის დონეებმა იმატა — ამ ჰორმონების მომატება ორსულობას ახასიათებს.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ყველა ემბრიონული სტრუქტურა გაქრა, ხოლო ფეხმძიმობას ის ფაქტი ადასტურებს, რომ ემბრიონების შეყვანამ აღნიშნული ჰორმონების გამოყოფა გამოიწვია. შესაბამისად, მაიმუნები მართლაც დაორსულდნენ, თუნდაც ცოტა ხნით.

ეთიკურობის საკითხი

ადამიანის უჯრედებისა და სუროგატების გამოყენებით მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებამ საკუთარ ბიოლოგიაზე დიდი ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოს, თუმცა ამ დროს ეთიკის საკითხებიც აქტუალური ხდება. ამ მხრივ მაკაკების გამოყენება თავის მხრივ იწვევს უთანხმოებას: პრიმატებზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მსოფლიოს არაერთ წერტილშია აკრძალული.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ, თუკი გენეტიკურად მოდიფიცირებული მაიმუნების მოდელებს მასშტაბურად, სწრაფად და ეფექტიანად შევქმნით, ადამიანების დაავადებებზე მეტ ინფორმაციას მივიღებთ და მეცნიერების კუთხითაც გავიღრმავებთ ცოდნას. მეორე მხრივ, სფეროს სხვა წარმომადგენლები თვლიან, რომ ასეთი ექსპერიმენტები გაუმართლებელია — არ არსებობს გარანტია, რომ კვლევების შედეგები ადამიანებზე განზოგადდება და რეალურად მოგვიტანს სარგებელს.

ასეა თუ ისე, მედიცინის ისტორიაში მოვლენა მართლაც პრეცედენტია. თავად განსაჯეთ, რამდენად გადაწონის ამის შესაძლო სარგებელი ექსპერიმენტის არაეთიკურ ნაწილს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.