მეცნიერებმა ურანის აქამდე უცნობი იზოტოპი აღმოაჩინეს — როგორ შეიქმნა ურან-241
ფიზიკოსებმა ურანის აქამდე უცნობი იზოტოპი, ურან-241 (241U), აღმოაჩინეს. იზოტოპის ატომური ნომერი 92-ს უდრის, ატომური მასა კი — 241-ს. კვლევა გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
ნეიტრონებით მდიდარი იზოტოპების შექმნა საკმაოდ პრობლემური პროცესია, ამიტომ მათი მახასიათებლების დადგენა ფიზიკოსებისათვის მარტივი როდია. კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, რათა ასეთი იზოტოპები ლაბორატორიულ პირობებში შეიქმნას.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა მაგნიუმის აქამდე არნახული იზოტოპი შექმნეს — მაგნიუმის უმსუბუქესი ფორმა
ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას მეცნიერთა გუნდმა ახლებური მიდგომა გამოცადა: იზოტოპების სეპარაციის სისტემის გამოყენებით მათ 238U-ისა და 198Pt-ის ბირთვების ნიმუშები ერთმანეთს სტყორცნეს. ამ ტიპის ინტერაქციების შედეგად იზოტოპებს შორის ნეიტრონები და პროტონები იცვლება. დაჯახების შედეგად ბევრი ფრაგმენტი წარმოიქმნა, მეცნიერებმა კი მათი აღნაგობა გამოიკვლიეს.
საბოლოო ჯამში, ფაქტები 19 მძიმე იზოტოპის წარმოქმნაზე მიანიშნებს, რომლებიც დაახლოებით 143-150 ნეიტრონს შეიცავდა. მათზე დასაკვირვებლად ფიზიკოსებმა ე.წ. ფრენის დროის მასსპექტრომეტრია გამოიყენეს. ეს ტექნიკა მოძრავი იონის მასის განსაზღვრას მოიცავს, ამისათვის კი მოცემულ მანძილზე გადაადგილების დროს აკვირდებიან, როდესაც საწყისი აჩქარება ცნობილია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ექსპერიმენტის ფარგლებში შესწავლილი იზოტოპების უმრავლესობა აქამდე არავის შეუნიშნავს. გარდა იმისა, რომ აქამდე არც ურან-241 უხილავს ვინმეს, 1979 წლის შემდეგ ნეიტრონებით მდიდარი ურანის იზოტოპი პირველად აღმოაჩინეს.
მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ ურან-241-ის ნახევრად დაშლის პერიოდი სულ რაღაც 40 წუთია.
ფიზიკოსთა მიერ გამოყენებული ტექნიკის მეშვეობით შევძლებთ, მძიმე ელემენტთა დიდი ბირთვების ფორმები უკეთ შევისწავლოთ. შედეგად შეიძლება შეიცვალოს როგორც ბირთვული ელექტროსადგურების/იარაღის შექმნისას გამოყენებული მოდელები, ასევე სუპერნოვების ქცევასთან დაკავშირებული თეორიებიც.
მკვლევართა გუნდი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, მათი მიდგომა სამომავლოდ სხვა მძიმე იზოტოპების შესწავლასა და აღმოჩენაშიც გამოგვადგეს.
კომენტარები