ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიაზე მკვრივია
ასტრონომებმა ჩვენგან 730 სინათლის წლის მოშორებით გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, სახელად TOI-4603b, რომელსაც დაახლოებით 13 იუპიტერის მასა აქვს და მასზე 9-ზე მეტჯერ, ხოლო დედამიწაზე თითქმის სამჯერ მკვრივია. ის საკუთარ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს გადაადგილდება, რის გამოც ორბიტაზე მოძრაობას მხოლოდ 7.25 დღეს ანდომებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასიური და მკვრივი ციური სხეულია, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია. ასევე, TOI-4603b ყავისფერ ჯუჯა მნათობსა და დიდი მასის მქონე პლანეტას შორის გარდამავალ ობიექტთა პოპულაციას მიეკუთვნება, რომელთა ფორმაციის შესახებაც ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით.
საქმე ისაა, რომ პლანეტის მასიურობას გარკვეული ზღვარი აქვს, რომლის გადაცდენის შემთხვევაშიც ტემპერატურა და წნევა ისე იმატებს, რომ ბირთვული სინთეზი იწყება. ვარსკვლავისთვის ეს მიჯნა 85 იუპიტერის მასაა, რომლის მიღწევისასაც წყალბადისა და ჰელიუმის ატომები ურთიერთქმედებას იწყებს. პლანეტისთვის კი ზედა ზღვარი 10-13 იუპიტერის მასაა. გარდამავალი ობიექტები ყავისფერ ჯუჯებად მოიხსენიება.
მნათობი მოლეკულური ღრუბლის მკვრივი რეგიონის კოლაფსისას წარმოიქმნება და გარემომცველ მატერიას შთანთქავს. შედეგად, ჩნდება დისკო, რომელშიც პლანეტები ფორმირდება, რისთვისაც ნაწილაკები ერთიანდება და ნელ-ნელა დიდ ზომას აღწევს. ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავების მსგავსად ჩნდება და, როგორც წესი, მათგან მოშორებითაა განლაგებული, მინიმუმ 5 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე.
გამონაკლისის სახით არსებობს მნათობებთან ახლომდებარე ყავისფერი ჯუჯებიც, რომელთა მსგავსიც TOI-4603b-ია. ეს უკანასკნელი კოსმოსური ტელესკოპით TESS დააფიქსირეს, რომლის მონაცემების თანახმადაც, მას 1.042 იუპიტერის რადიუსი აქვს და მასზე 12.89-ჯერ მასიურია. ობიექტის სიმკვრივე ყოველ კუბურ სანტიმეტრზე 14.1 გრამია. შედარებისთვის დედამიწის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 5.51 გრამია, იუპიტერის 1.33 გრამი. ხოლო ტყვიის — 11.3 გრამი.
ყავისფერი ჯუჯისთვის ასეთი სიმკვრივე ნორმალურია, მაგრამ TOI-4603b-ს ასტრონომები ეგზოპლანეტად მიიჩნევენ, რადგან მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ, ამავდროულად, ყავისფერი ჯუჯის მასის ქვედა ზღვარზეა. ეს ამგვარი ციური სხეულების ფორმირებისა და ევოლუციის შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
TOI-4603b-ის ორბიტა ოვალურია, რაც მიანიშნებს, რომ ის იქ მოძრაობას ჯერ კიდევ "ეჩვევა". ასევე, მის დედავარსკვლავს ყავისფერი ჯუჯა კომპანიონი ჰყავს, რომლისგანაც 1.8 ასტრონომიული ერთეული აშორებს. შესაძლოა, ის ეგზოპლანეტასთან გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში იყოს. არ გამორიცხავენ, რომ ციური სხეული მნათობს უახლოვდებოდეს.
ავტორთა ნაშრომი მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics Letters გამოქვეყნდება, მანამდე კი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები