სუპერკომპიუტერმა 30 მილიარდი მზის მასის მქონე შავი ხვრელი აღმოაჩინა
ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზირებისა და სიმულაციების კომბინაცია კოსმოსური გიგანტის აღმოსაჩენად გამოიყენეს
ასტრონომთა ჯგუფმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელის აღმოსაჩენად ახალი მეთოდი გამოიყენა.
მკვლევრებმა, დიდი ბრიტანეთის, დურჰამის უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით, გრავიტაციული ლინზირება და სუპერკომპიუტერის სიმულაციები გამოიყენეს, რათა ახალი ინფორმაცია მიეღოთ დედამიწიდან ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კოსმოსურ გიგანტზე.
მათ აღმოაჩინეს ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც აღემატება მზის მასას 30 მილიარდჯერ.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
შავი ხვრელების ძიება სუპერკომპიუტერის სიმულაციებით
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავი ხვრელი სუპერკომპიუტერის ტექნიკის გამოყენებით აღმოაჩინეს. ახალი მეთოდი სინათლის სიმულაციას იყენებს, რომელიც მოგზაურობს სამყაროში ძალიან დიდ მანძილზე. თითოეულ სიმულაციას გააჩნია განსხვავებული მასის შავი ხვრელი, რომელთაგან თითოეული ცვლის დედამიწისკენ მიმავალი სინათლის ტრაექტორიას.
მეთოდი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ რეალურ სურათებში დაფიქსირებული სინათლის სწორი შესატყვისის მოძიების საშუალებით მუშაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც გუნდმა მოახდინა ულტრამასიურ შავ ხვრელში გამავალი სინათლის სიმულირება, შორეული გალაქტიკის სინათლის მიერ გავლილი გზა ემთხვეოდა რეალურ სამყაროში დაკვირვებას. სიმულაციისთვის გუნდმა გამოიყენა დურჰამის უნივერსიტეტის DiRAC COSMA8 სუპერკომპიუტერი.
"ეს კონკრეტული შავი ხვრელი, რომელიც დაახლოებით 30 მილიარდჯერ აღემატება მზეს, არის ერთ-ერთი ყველაზე მასიური, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ჩვენი აზრით, ეს უახლოვდება ლიმიტს, იმისას თუ რამდენად მასიური შეიძლება იყოს შავი ხვრელი. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა", — თქვა დურჰამის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანმა ავტორმა, ჯეიმს ნაითინგეილმა.
რა არის გრავიტაციული ლინზირება?
გრავიტაციული ლინზირება წარმოიქმნება, როდესაც გალაქტიკის გრავიტაციული ველი ან სხვა მასიური კოსმოსური სტრუქტურა ამრუდებს მის უკან კოსმოსიდან წამოსულ შუქს.
სინათლის ეს დახრილობა გარკვეულწილად მოქმედებს როგორც ობიექტივი, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ შორეული კოსმოსის გადიდებული გამოსახულება იმ წერტილის დაკვირვებით, სადაც შუქი მრუდდება. ეს პრინციპი გამოიყენება ჯეიმს ვების სურათებში, რათა უძველესი გალაქტიკების დაფიქსირება მოხდეს.
ყველაზე დიდი შავი ხვრელების უმეტესობა, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით, აქტიურ მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში მატერია, რომელიც შავ ხვრელთან ახლოსაა ხურდება და ათავისუფლებს ენერგიას სინათლის, რენტგენისა და სხვა გამოსხივების სახით.
თუმცა, გრავიტაციული ლინზირება არააქტიური შავი ხვრელების შესწავლის საშუალებას იძლევა. ამ მიდგომამ შეიძლება დაგვანახოს კიდევ ბევრი შავი ხვრელი ჩვენი ადგილობრივი სამყაროს მიღმა და გამოავლინოს, როგორ განვითარდნენ ეს ეგზოტიკური ობიექტები კოსმიურ დროში.
გუნდი, რომელმაც თავისი დასკვნები ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოაქვეყნა, თვლის, რომ ახალ მეთოდს შეუძლია მრავალი სხვა არააქტიური და ულტრამასიური შავი ხვრელის აღმოჩენა. ამას ასევე შეუძლია დაეხმაროს მეცნიერებს იმის დადგენაში, თუ როგორ გაიზარდა ეს კოლოსალური გიგანტები ასეთ მასიურ ზომამდე.
კომენტარები